აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს ნატოსა და ევროკავშირში შესვლა წარმოადგენს.
NDI — ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს 2010 წლიდან ახორციელებს. ამჯერად გამოკითხვა პროგრამა UK Aid Direct-ის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით NDI-ს დაკვეთით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (СRRС) შეასრულა.
მოსახლეობა და დემოკრატია
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არის დემოკრატია — ასეთი პასუხი რესპონდენტთა 51%-მა გასცა. გამოკითხულთა 40%-სთვის საქართველო — არადემოკრატიული ქვეყანაა. დანარჩენებს, როგორც აღმოჩნდა, ამ შეკითხვაზე პასუხი არ გააჩნიათ.
გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ დახვეწას საჭიროებს. რესპონდენტთა 4%-სთვის საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის და არასდროს არ იქნება.
კვლევის შედეგების მიხედვით, დემოკრატიის დონე საქართველოში გაიზარდა. მაგალითად, 2013 წელს ქვეყანა დემოკრატიულად გამოკითხულთა 54%-ს მიაჩნდა, ხოლო 2014-2016 წლებში — 50%-ზე ნაკლებს.
უსაფრთხოება და დაცულობის ფაქტორები
გამოკითხულთა ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ეროვნული უსაფრთხოების კუთხით საქართველო დაცული ქვეყანაა — მთლიანად (11%) ან ნაწილობრივ (41%). საქართველო დაუცველ ქვეყნად მიაჩნია გამოკითხულთა 40%-ზე ოდნავ მეტს. დანარჩენებმა განაცხადეს, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არ გააჩნიათ.
ამასთან, ყველაზე დიდი რაოდენობა იმ ადამიანებიდან, ვისაც ქვეყანა დაცულად მიაჩნია (63%), ეროვნულ უმცირესობათა კომპაქტური დასახლების ადგილებში ცხოვრობს.
რაც შეეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფას, გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგად ამას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი — აშშ ასრულებს, 12% — საქართველო, 10% — რუსეთი. დანარჩენებს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდათ.
კვლევის მონაწილეებს სთხოვეს დაესახელებინათ ის ფაქტორები, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ნატოში შესვლა (29%), საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება (16%), ევროკავშირში შესვლა (11%), აშშ-თან თანამშრომლობა (7%), დემოკრატიის გაძლიერება (7%), პრორუსული კურსი (4%).
რესპონდენტების უმცირესი რაოდენობა საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაში, გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზების განთავსებაში, სამხედრო ორგანიზაციებში შესვლაზე უარის თქმაში ან პროდასავლური კურსის უარყოფაში ხედავს უსაფრთხოების პერსპექტივებს.
ამასთან, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი დარწმუნებულია, რომ 15 წლის შემდეგ საქართველო უფრო მეტად დაცული იქნება და სამხედრო კონფლიქტის რისკი ქვეყანაში მინიმალური იქნება. რესპონდენტთა 43% დარწმუნებულია, რომ საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას შეძლებს.
საქართველო და ევროკავშირი
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება საქართველოს მოსახლეობის სურვილი, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ევროკავშირში შესვლას გამოკითხულთა 80%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 12%-ია.
2016 წელს ევროკავშირში შესვლის მისწრაფებას მხარს უჭერდა გამოკითხულთა 77%, 2015 წელს — 61%, ხოლო 2014 — 78%.
როგორც გაირკვა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირში შესვლაში ხედავს ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას (59%), უსაფრთხოების გაძლიერებას (36%), დემოკრატიულ განვითარებას (24%).
ევროკავშირში შესვლის მოწინააღმდეგეთა უმრავლესობამ (43%) საკუთარი პოზიცია რუსეთთან კონფლიქტის საფრთხით ახსნა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს იდენტობის შენარჩუნებას ემუქრება. დანარჩენებმა განაცხადეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არასდროს გახდება.
საქართველო და ნატო
საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა 2016 წლიდან არ შეცვლილა. როგორც მაშინ, ახლაც ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ კურსს მხარს უჭერს NDI–ს გამოკითხვის მონაწილეთა 68%. 2015 წელს მათი რაოდენობა იყო 69%, ხოლო 2015 წელს – 72%.
რაც შეეხება ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მოწინააღმდეგეებს, ასეთი ქვეყანაში 21%–ია, გასულ წელს კი 19% იყო.
საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეებმა თავისი მოსაზრება დაასაბუთეს უსაფრთხოების დონის გაზრდით (71%), ეკონომიკის გაუმჯობესებით (30%) და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობით (19%).
საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა უმეტესობამ კი ამის მიზეზად რუსეთთან კონფლიქტის საშიშროება (53%) დაასახელა. დანარჩენებისთვის ეს ქვეყანას არაფერ სარგებელს არ მოუტანს, ან არარეალურია.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში 7–28 აპრილს ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა საქართველოს 2 493 მოქალაქე, მათ შორის სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი მოქალქეები. გამოკითხვის ცდომილებაა +/- 2,7%.