საკანომდებლო ორგანო საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვისთვის ემზადება, ხოლო ოპოზიცია — საპროტესტო აქციებისათვის.
ავტორიტეტული ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების, მაღალი საარჩევნი ბარიერის, საარჩევნო ბლოკების აკრძალვისა და საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მანდატების განაწილების მეთოდის წინააღმდეგ გამოდიან.
ამასობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მართავენ შეხვედრებს ვენეციის კომისიის წევრებთან, რომელსაც მოუწევს საერთშორისო საკონსტიტუციო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში განახლებული კონსტიტუციის პროექტის შესწავლა. „ქართულ ოცნებაში“ უკვე განაცხადეს, რომ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.
ამოცანა შესრულებულია
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კომისიამ მის წინაშე მდგომი ამოცანა შეასრულა.
„პარლამენტმა კომისიას ორი ძირითადი საქმე დაუსახა — ერთი ამოცანა იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. მეორე ამოცანაა ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ და სრულყოფილ განვითარებას. ვფიქრობთ, რომ ეს ორივე ამოცანა კომისიის მიერ შესრულებულია“, — განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ განახლებული კონსტიტუციის პროექტი შეიცვლება.
„საყოველთაო განხილვის ფარგლებში ვგეგმავთ შეხვედრებს მოსახლეობის ფართო სპექტრთან, რომელსაც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს გავაცნობთ. მოგვიანებით, ივნისში, საპარლამენტო მოსმენები დაიწყება, რა დროსაც პარლამენტი იმ დამატებით ცვლილებებს განიხილავს, რომლებიც პროექტში შევა“, — დაამატა მან.
ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ განახლებულ კონსტიტუციას ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინების გარეშე არ მიიღებს.
„მზაობას გამოვთქვამთ იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნეგატიური დასკვნის ან ნეგატიური შეფასების მქონე ნორმები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში არ ჩავდოთ“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.
სავარაუდოდ, ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები წლის ბოლომდე შევა.
ოპოზიცია აღშფოთებულია
შვიდიდან არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც ბოლო დრომდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში შედიოდნენ, ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა.
თუმცა ოპოზიცია დათმობას არ აპირებს. კომისიის ყოფილმა წევრებმა და სხვა ოპოზოციურმა პარტიებმა, რომლებმაც სამშაბათს კონსულტაციები ჩაატარეს, გადაწყვიტეს ვენეციის კომისიას მიმართონ, მათ ასევე არ გამორიცხეს საპროტესტო აქციების გამართვა. შესაძლოა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეს ოპოზიციის პირველი შეთანხმებული აქციები გახდება.
მანამდე, ოპოზიციურმა პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპულმა საქართველომ“ კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პლებისციტის დანიშვნისკენ მოუწოდა. ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აღნიშნული იდეა მოეწონა.
„საკონსტიტუციო კომისიამ პროექტი საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეიმუშავა, მას გაემიჯნა ყველა პოლიტიკური პარტია, ექსპერტებისა და არასამთავრობოების უმრავლესობა, უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმა… პრეზიდენტის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია ხელს არ უწყობს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გათანაბრების პოლიტიკას", — გაახმოვანა მარგველაშვილის თვალსაზრისი მისმა პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ.
ექსპერტების თვალსაზრისი
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ განახლებული კონსტიტუციის პროექტი დაუსრულებული არის.
„მთავარი თემა არის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისების პრევენცია. პოლიტიკური კრიზისების პრევენცია ორი ხერხით არის შესაძლებელი — უნდა მოხდეს კონკურენტული პოლიტიკური პროცესის ორგანიზება ან მეორე ფაქტორი არის ინსტიტუტების ურთიერთდამოკიდებულება და ბალანსი იმისათვის, რომ არ მოხდეს ძალაუფლების უზურპაცია. ამ თემაზე ეს კონსტიტუცია მომავალში სერიოზულ რისკებს აჩენს“, — განაცხადა ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ინტერვიუში.
ამ დროს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმება ექსპერტს ლოგიკურად მიაჩნია.
„კონსტიტუციის პროექტმა საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილების ნაწილის ჩამორთმევით „საქორწილო გენერლად“ აქცია. დიახ, მას დარჩა მთავარსარდლის უფლებამოსილება, მაგრამ ეს უფრო მეტად „სატელეფონო“ მთავარსარდალია. ომის შემთხვევაში, დაურეკავენ და ეტყვიან, რა და როდის გამოაცხადოს. საქორწილო გენერალი კი პირდაპირი წესით არ უნდა იყოს არჩეული“, — განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, სიახლე გამოიწვევს იმას, რომ პარტიების უმრავლესობა პარლამენტში მაღალი ბარიერის გამო ვერ მოხვდება, ხოლო „ქართული ოცნება“, თუნდაც მან ხმების მხოლოდ 30% მოაგროვოს, ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, იმის ხარჯზე, რომ გადაუნაწილებელი მანდატების პროცენტი მაღალი იქნება.
„როდესაც საზოგადოებას არ აძლევ საშუალებას გადაწყვიტოს, ვისი ნახვა სურს მას პარლამენტში და ხელისუფლებაში, ის ქუჩაში გამოსვლას იწყებს. და ამ შემთხვევაში ქვეყნის სტაბილურობაზე საუბარიც ზედმეტია, რადგან სახალხო ლეგიტიმაციის და ხელისუფლების მოცულობის შეუსაბამობა რევოლუციის ინიცირებას ახდენს“, — ხაზგასმით აღნიშნა ხუხაშვილმა.