თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი პარტია, რომელმაც კვლავ გაიმარჯვა არჩევნებში, პირობას დაიცავს და შეცვლის საარჩევნო სისტემას, განაცხადა პრეზიდენტის სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ოქტომბერში ჩატარებულ ბოლო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავდნენ, რაც არჩევნების შერეული სისტემით ჩატარების გაუქმებას გულისხმობდა, თუმცა კანონი ვერ იქნა მიღებული. ოპოზიცია ერთმანდატიან ოლქებში არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი იყო.
„პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ამჯერად ეს მცდელობა წარმატებით დასრულდება და საარჩევნო სისტემა შეიცვლება. ეს იყო პირობა, რომელიც მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ 2012 წელს დადო. ის, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება მნიშვნელოვანი და აუცილებელია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც დაადასტურა“, — თქვა მიშველაძემ.