თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ქართველი პრიმა–ბალერინა და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იაპონიის იმპერატორის პრემიის ლაურეატი გახდა.
იმპერატორის პრემია — ეს ჯილდო გადაეცემათ ხელოვნების მოღვაწეებს მიღწევებისთვის, საერთაშორისო გავლენისთვის, რომელიც მათ მოახდინეს საკუთარი ხელოვნებით, ასევე მთელი მსოფლიო საზოგადოების სულიერი გამდიდრებისთვის. ეს უმაღლესი რანგის ჯილდოა, რომელსაც იაპონია ნაყოფიერი კულტურული მოღვაწეობისთვის გადასცემს.
ჯილდო დაწესდა 1988 წელს იაპონიის იმპერატორის წინადადებით, იაპონიის ხელოვნებათა ასოციაციის 100 წლისთავთან და გარდაცვლილი პრინცი ტაკამაცუს ხსოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ასოციაციის საპატიო მეურვე იყო 58 წლის განმავლობაში.
პრემიის კანდიდატებს საერთაშორისო კლასის ექსპერტები წარადგენენ. იაპონიის სამხატვრო ასოციაცია გადასცემს პრემიას ხუთ კატეგორიაში: ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა, მუსიკა, კინო და თეატრი. პრემიას გადასცემს პრინცი ჰიტატი, იაპონიის ხელოვნებათა ასოციაციის საპატიო მფარველი.
პრემიის ორი სახეობა არსებობს: "ამომავალი მზის ორდენი", რომელსაც უცხოელებს გადასცემენ, და "წმინდა საგანძურის ორდენი", რომელსაც იაპონელებს გადასცემენ. ნინო ანანიაშვილი დაჯილდოვდა ლენტით დამშვენებული "ამომავალი მზისა და ოქროს სხივების" ორდენით.
პრემიის ლაურეატები ტოკიოში 29 აპრილს დასახელდნენ. სულ 2017 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეირჩა 105 არაიაპონელი ლაურეატი, ხოლო ამ რანგის ჯილდო სულ 34 ადამიანს გადაეცა.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ნინო ანანიაშვილს ჯილდო იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობისა და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა.
ანანიაშვილს საიმპერატორო პრემიას ოფიციალურად 6 თვის შემდეგ გადასცემენ.
სხვადასხვა წლებში საიმპერატორო პრემიის კავალრები გახდნენ კულტურისა და ხელოვნების ისეთი მოღვაწეები, როგორიცაა ბალერინა მაია პლისეცკაია, კინორეჟისორები ფედერიკო ფელინი, ინგმარ ბერგმანი, ჟან-ლიუკ გოდარი, ფრენსის ფორდ კოპოლა და მარტინ სკორსეზე, დრამატურგი და პროზაიკოსი არტურ მილერი, მსახიობი სოფი ლორენი და სხვები.
ნინო ანანიაშვილი 1963 წელს თბილისში დაიბადა. ბალეტის შესწავლა 10 წლის ასაკიდან დაიწყო, 1973 წელს იგი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, შემდეგ კი სწავლა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო პედაგოგ ნატალია ზოლოტოვას ხელმძღვანელობით.
1977 წელს მოსკოვში განაგრძო მეცადინეობა დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა რაისა სტრუჩკოვასთან. 1980 წელს მისი სცენური დებიუტი შედგა საბალეტო სასწავლებლის სპექტაკლში "კოპელია". 1981 წელს დიდი თეატრის ბალეტში მიიღეს როგორც სოლისტი და 1985-2004 წლებში ამ თეატრის პრიმა-ბალერინა იყო.
1988 წლიდან ნინო ანანიაშვილი გამოდიოდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე. ყოფილი სსრკ-დან ის იყო პირველი მოცეკვავე ანდრის ლიეპასთან ერთად, რომელიც მიიწვიეს ბალანჩინის თეატრში "ნიუ-იორკ სიტი ბალეტი", სადაც იცეკვა ჯორჯ ბალანჩინის ბალეტებში "სიმფონია დო მაჟორი", "აპოლო", "რაიმონდა ვარიაციები".
ნინო ანანიაშვილი გამოდიოდა ინგლისის სამეფო ბალეტში (კოვენტ-გარდენი), დანიის სამეფო თეატრში. მიწვეული სოლისტის სტატუსით ის მსოფლიოს საუკეთესო საბალეტო თეატრებში ცეკვავდა. ნინო ანანიაშვილის პარტნიორები თანამედროვეობის მრავალი ცნობილი მოცეკვავე ყოფილა. ანანიაშვილის როლების სია 90-ზე მეტ პარტიას მოიცავს.
2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი დაინიშნა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორად. ანანიაშვილი მრავალი წოდების და ჯილდოს მფლობელია, ის საქართველოს სახალხო არტისტი (1988) და რუსეთის სახალხო არტისტია (1995).