თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი სამხატვრო ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით 12 მარტს გასტროლზე იაპონიაში გაემგზავრება.
საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა იაპონიაში ბოლო ათი წლის განმავლობაში– 2007, 2010, 2012 წლებში ოთხი გასტროლი გამართა.
ქართული საბალეტო დასის გამოსვლა ტოკიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ ბუნკა კაიკანის (Tokyo Bunka Kaikan) თეატრში 16,18, 19 და 20 მარტს გაიმართება.
იაპონელ მაყირებელს თბილისის დასი ორ პროგრამას წარუდგენს. პირველ პროგრამაშია ადაჯო პიოტრ ჩაიკოვსკის ბალეტიდან „გედების ტბა“ (ალექსეი ფადეეჩევის რედაქცია), ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტი „სერენადა“ და გრანდ დივერტისმენტი ჩაიკოვსკის ბალეტიდან „მძინარე მზეთუნახავი“ (ნინო ანანიაშვილისა და ალექსეი ფადეეჩევის რედაქცია).
მეორე პროგრამაში ქართული დასი წარადგენს მიხაილ ფოკინის ერთმოქმედებიან ბალეტს „ვარდის ზმანება“, ირჟი კილიანის ბალეტს „პეტიტ მორტ“, ჯორჯ ბალანჩინის ბალეტს „მოცარტიანა“, პა დე დეს ბალეტიდან „ყვავილების ფესტივალი ჯენცანოში“ (აუგუსტ ბურნონვილის ქორეოგრაფია) და საბალეტო მინიატურას „ტაისი“ (ფრედერიკ ეშტონის ქორეოგრაფია). პროგრამა დასრულდება გრანდ დივერტისმენტით ლუდვიგ მინკუსის ბალეტიდან „დონ კიხოტი“.
გალა-კონცერტები ტოკიოში გაიმართება სახელწოდებით: „ნინო ანანიაშვილის ბოლო კლასიკური გალა“.
ნინო ანანიაშვილი იაპონიაში იცეკვებს პა დე დეებს ბალეტებიდან „გედების ტბა“, „მძინარე მზეთუნახავი“ და „დონ კიხოტი“.
პრიმა-ბალერინას პარტნიორები იქნებიან ამერიკის საბალეტო თეატრის (ABT) წამყვანი სოლისტი მარსელო გომესი და მოსკოვის დიდი თეატრის პრემიერი ალექსანდრ ვოლჩკოვი. ფოკინის ბალეტში „ვარდის ზმანება“ ნინო ანანიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვან სოლისტ იონენ ტაკანოსთან ერთად იცეკვებს.
იაპონიის სცენაზე იცეკვებენ ასევე ქართული ბალეტის მსახიობები: ნუცა ჩაკურაშვილი, ეკატერინე სურმავა, ნინო სამადაშვილი, კარინ ვაშიო, დავით ანანელი და ფრენკ ვან ტონგერენი.
სპექტაკლებს უდირიჟორებს უკრაინის ეროვნული არტისტი, მსოფლიოში ცნობილი დირიჟორი ალექსეი ბაკლანი.
იაპონური გასტროლებიდან ქართული საბალეტო დასი 21 მარტს დაბრუნდება.