„ცეკვის ჯადოქარი“ – ვახტანგ ჭაბუკიანი

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშივახტანგ ჭაბუკიანი ოტელოს როლში
ვახტანგ ჭაბუკიანი ოტელოს როლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენს იავანს ეწვევა განუმეორებელი მოცეკვავე, რომელსაც ბატონი კოტე მახარაძე, რომელიც თავის დროზე ასევე მშვენივრად ცეკვავდა, „ცეკვის ჯადოქარს“ უწოდებდა, ხოლო ქალბატონი ვერიკო ანჯაფარიძე მის ცეკვას რომ იხსენებდა, ამბობდა, რომ ეს ღვთაებრივი მოცეკვავე სცენზე დაფრინავდა, ფეიერვერკს ჰგავდა და ირგვლივ ყველას უდიდეს ბედნიერებას ჩუქნიდა…

ალბათ მიხვდით, რომ დღეს ვმასპინძლობთ საქართველოს სახალხო არტისტს, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს, სტალინის პრემიის სამგზის ლაურეატს, ლენინის პრემიის ოთხგზის ლაურეატს და კიდევ უამრავი რეგალიისა და ჯილდოს მფლობელ ლეგენდარულ მოცეკვავეს, ქორეოგრაფსა და პედაგოგს ვახტანგ ჭაბუკიანს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1910 წლის 27 თებერვალს თბილისში.

ვახტანგი ქალაქელი ხელოსნის მიხეილ ჭაბუკიანის ოჯახში მერვე შვილი იყო. ოჯახს საკმაოდ უჭირდა. ის ჯერ შრომით სკოლაში შეიყვანეს, რომელიც თბილისის გარეუბანში მდებარეობდა, მალე კი იქიდან გამოიყვანეს ერთი უბრალო მიზეზის გამო — ბავშვს თბილი ტანსაცმელი არ ჰქონდა სკოლაში სასიარულოდ. შემდეგ პატარა ვახტანგი თავის დებთან ერთად მიაბარეს მარია შევალიეს სახელოსნოში შეგირდად, სადაც ბავშვებს ასწავლიდნენ კალათების დაწვნას და ხისგან პატარა ფიგურების დამზადებას. იმ პერიოდში პატარა ვახტანგი, სავარაუდოდ, არც კი ოცნებობდა იმაზე, რომ როდესმე მსოფლიოს წამყვან სცენებზე გამოვიდოდა და მას „ბალეტის ბრილიანტს“ შეარქმევდნენ, მაგრამ არსებობს რაღაც მაღალი ძალა, რომელიც ასეთ ნიჭიერ ადამიანებს არ წირავს… და არსებობენ ღირსეული ადამიანები, ვინც მათ გვერდში უდგებიან.

© FB/თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრივერა წიგნაძე და ვახტანგ ჭაბუკიანი
ვერა წიგნაძე და ვახტანგ ჭაბუკიანი - Sputnik საქართველო
ვერა წიგნაძე და ვახტანგ ჭაბუკიანი

ჰოდა ერთხელაც საცეკვაო სტუდიის ხელმძღვანელმა, ცნობილმა მარია პერინიმ სწორედ ამ სახელოსნოში შეუკვეთა კალათები და სათამაშოები. მათი იქ მიტანა კი ვახტანგს დაევალა. ვახტანგმა მაშინ პირველად დაინახა მოცეკვავე ბავშვები და „დაავადდა“ ბალეტით. მან ჩააბარა პერინის სტუდიაში და იმის გამო, რომ არ ჰქონდა საშუალება მიეტოვებინა სახელოსნო, ერთდროულად მუშაობდა და ეუფლებოდა ქორეოგრაფიის საწყისებს. სხვათა შორის, სწორედ ამ სტუდიაში სწავლობდა თავის დროზე ჩვენი სახელოვანი მოცეკვავე ნინო რამიშვილიც.

სტუდიის დასრულების შემდეგ ვახტანგ ჭაბუკიანი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს.

1926 წელს ის ჩავიდა ლენინგრადში, ჩააბარა ქორეოგრაფიულ ტექნიკუმში, რომლის ბრწყინვალედ დასრულების შემდეგ კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის (ამჟამად მარიას თეატრის) სოლისტი გახდა. მან თავისი პირველი პარტია მარიას თეატრის სცენაზე ბალეტ „მაკნატუნაში“ შეასრულა. იმავე წელს, 20 წლის ასაკში მას ანდეს ბაზილის პარტია ბალეტში „დონ კიხოტი“. სწორედ ამ ბალეტის შემდეგ დაიწო მისი ტრიუმფალური ტურნეები ყოფილ საბჭოთა კავშირსა და საზღვარგარეთ. 

© SPUTNIK/ ВАСИЛИЙ МАЛЫШЕВვერა წიგნაძე - დეზდემონა, ვახტანგ ჭაბუკიანი - ოტელო.
ვერა წიგნაძე - დეზდემონა, ვახტანგ ჭაბუკიანი - ოტელო. - Sputnik საქართველო
ვერა წიგნაძე - დეზდემონა, ვახტანგ ჭაბუკიანი - ოტელო.
 

1941 წელს ვახტანგ ჭაბუკიანი დაბრუნდა თბილისში და 1973 წლამდე ხელმძღვანელობდა ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს. როგორც მოცეკვავე, ის 1968 წლამდე ამშვენებდა სხვადასხვა სცენას.

ვახტანგ ჭაბუკიანმა დადგა უამრავი ბალეტი – „ჟიზელი“, „შოპენიანა“, „დონ კიხოტი“, „გედების ტბა“, „ლაურენსია“, „გორდა“, „ბაიადერა“ და სხვა. მან აღზარდა ქართული ბალეტის შესანიშნავი წარმომადგენლები — ვერა წიგნაძე, ზურაბ კიკალეიშვილი, რეზო მაღალაშვილი. ვახტანგ გუნაშვილი, ეთერ ჭაბუკიანი.

ითვლება, რომ ბატონი ვახტანგის ყველაზე ძლიერი როლი იყო „ოტელო“. ჰყვებიან, რომ ამ სპექტაკლის პრემიერის შემდეგ ორი წლის განმავლობაში ოპერის თეატრთან წესრიგის დასაცავად ცხენოსანი მილიცია იდგა.

სამწუხაროდ, მე მხოლოდ კადრები მაქვს ნანახი და ისიც იმდენად მოქმედებს, რომ წარმომიდგენია, რა იქნებოდა ამ სპეტაკლის ცოცხლად ნახვა… 

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ვახტანგ ჭაბუკიანის და ვერა წიგნაძის შესანიშნავი დუეტი ამ მართლაც ეპოქალური სპექტაკლიდან:

ბატონი ვახტანგის მოწაფეები იხსენებენ, რომ ის თეატრის ნამდვილი პატრონი იყო, ყველა მის მიერ აღზრდილი მოცეკვავე თავს მის შვილად გრძნობდა და სწორედ ეს აძლევდა მას უფლებას ცოტა მკაცრიც ყოფილიყო და ზოგჯერ ზედმეტად მომთხოვნიც.

ბატონ ვახტანგს ძალიან უყვარდა ცხოველები და მტრედები. ერთხელ ეზოს ძაღლი გადაურჩენია, რომლის წაყვანასაც აპირებდნენ სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები. თანაც მისი გადარჩენისას სატვირთო მანქანაში მყოფმა მეორე ძაღლმა უკბინა და ბატონი ვახტანგი ძლივს გადაარჩინეს.

© ნიკოლოზ ცისკარიძის პირადი არქივივახტანგ ჭაბუკიანი და ნიკოლოზ ცისკარიძე
ვახტანგ ჭაბუკიანი და ნიკოლოზ ცისკარიძე - Sputnik საქართველო
ვახტანგ ჭაბუკიანი და ნიკოლოზ ცისკარიძე

ერთ-ერთ გადაცემაში მოვისმინე, რომ ბატონი ვახტანგი ბავშვობაში ფრენაზე ოცნებობდა და საინტერესო ისაა, რომ ის სცენაზე მართლაც დაფრინავდა. მისი ერთ-ერთი პირველი პარტნიორი, შესანიშნავი ბალერინა ტატიანა ვეჩესლოვა იგონებდა: „მისი ფრენა არწივის ფრენას ჩამოჰგავდა, ის ნახტომიდან სცენაზე კი არ ეცემოდა, ნელა ეშვებოდა და მხოლოდ იმისთვის, რომ კვლავ აფრენილიყო“… 

რამხელა ბედნიერებაა, ადამიანი თავის ოცნებას რომ აისრულებს!

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ფრენასავით უსასრულო დღეს! 

ლელა ანჯაფარიძე

 

ყველა ახალი ამბავი
0