თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად საქართველოს ესაჭიროება შრომის სტანდარტების სასწრაფო მოდერნიზაცია და ქმედითი სახელმწიფო ინსპექციის დაწესება, აცხადებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი "Sputnik-საქართველოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) 2003 წელს 28 აპრილი გამოაცხადა შრომის დაცვის საერთაშორისო დღედ, ანუ სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულ მუშაკთა საერთაშორისო დღედ, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება 2004 წლიდან ამ დღეს აღნიშნავს საპროტესტო აქციებით სლოგანით: "ვილოცოთ დაღუპულებისთვის და ვიბრძოლოთ ცოცხლებისთვის!"
"ხელისუფლებისათვის ჩვენი მთავარი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ შრომის სტანდარტები უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს და არა 70-იანი წლების სტანდარტებს. და, რაც მთავარია, ამ სტანდარტების კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს, ანუ ყველა იმ თავხედი დამსაქმებლის მიმართ, რომლებიც თავიანთი თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ძალიან ხშირად არ აფასებენ, სანქციების შემოღება არის საჭირო", — განაცხადა პეტრიაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება შრომის უსაფრთხოების საკითხებს ყურადღებას ყოველთვის უთმობს, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა — ყველაზე დიდი ფასეულობაა.
"შრომის უსაფრთხოების კუთხით საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, საქართველოს პროფკავშირები ამ დღეს ყოველ წელს აღნიშნავენ, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი სათქმელი და მოსათხოვი. სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობის და უბედური შემთხვევების ასეთი მზარდი დინამიკის ნახვა, როგორც ეს ჩვენს ქვეყანაშია, სხვა რომელიმე ქვეყანაში ძალიან რთულია", — განაცხადა პეტრიაშვილმა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 716 მძიმედ დაშავდა.
მხოლოდ 2016 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა 58 ადამიანი, ხოლო 84 სერიოზულად დაშავდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2017 წლის დასაწყისიდან უკვე 8 ადამიანი დაიღუპა, დაზიანებები მიიღო ათმა ადამიანმა. უბედური შემთხვევების უმეტესობა სამშენებლო ობიექტებზე ხდება, შემდეგ მოდის ენერგეტიკა და სამთო-მომპოვებელი დარგი.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მრავალი წელია, რაც მოითხოვს საქართველოს მთავრობისაგან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციის — "შრომის ინსპექციის შესახებ მრეწველობასა და ვაჭრობაში" რატიფიცირებას და ქმედითი შრომის სახელმწიფო ინსპექციის შექმნას.
პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის არსებული სამინისტროს ნაცვლად ცალკე უნდა შეიქმნას შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო. მისი თქმით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა სამინისტროებში "მარგალიტებივით არის მიმოფანტული".
კერძოდ, პასუხისმგებლობის ნაწილი ეკისრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ნაწილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ა.შ. შედეგად, ქვეყანაში მშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხისადმი აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა.
"ყველაფერი სისტემატიზებული უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, არავინ რომ არ ჩერდებოდეს შუქნიშნის წითელ ფერზე და ამაზე არავინ არ დაჯარიმდეს, რა ქაოსი იქნებოდა, იგივე ხდება შრომის უსაფრთხოების საკითხში", — აღნიშნა პეტრიაშვილმა.
ადამიანის პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან საკონსტიტუციო უფლებას მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა წარმოადგენს, აღნიშნა პეტრიაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს უამრავ მოქალაქეს დღეს არ აქვს გარანტია იმისა, რომ წავლენ სამსახურში და სახლში მშვიდად დაბრუნდებიან.
"სამწუხაროა, მაგრამ შრომის უსაფრთხოების საკითხებში არაფერი შეცვლილა. როგორც ვიყავით ქვის ხანაში, ისე დავრჩით… ერთადერთი, რაც შეიცვალა ჩვენ ქვეყანაში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ადამიანის სამსახურიდან დათხოვნა აღარ ხდება", — აღნიშნა პეტრიაშვილმა.
2013 წელს შრომის კოდექსში შეიტანეს ცვლილებები, რისი წყალობითაც კოდექსში შრომის უფლებების დაცვის გარკვეული სტანდარტები გაჩნდა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ჩამოყალიბდა, თუმცა მას საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილება აქვს.
შრომის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა სამუშაო ადგილებზე დაზარალებულთათვის დილიდან სისხლი გაიღეს და ქაშუეთის ეკლესიაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
შემდეგ ისინი მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს საწარმოო უბედური შემთხვევების დროს დაღუპულთა საგანგაშო სტატისტიკა კიდევ ერთხელ შეახსენეს და საქართველოში ამ პრობლემის გადასაჭრელად შესაბამის სტრუქტურებს ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.