თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. სუპერმარკეტების ქსელ „ფურშეტის“ ყოფილი თანამშრომლები აქციას მართავენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
თანამშრომლები ორი თვის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ვიდრე სუპერმარკეტების ქსელი დაიხურებოდა, იქამდე 2 თვე იმუშავეს, თუმცა აღნიშნული თვეების ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ.
როგორც აქციის მონაწილები აცხადებენ, გადასახდელი აქვთ საბანკო კრედიტები და სხვა ვალდებულებები, რის გამოც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.
„ვითხოვთ ორი თვის ხელფასს. ნოემბერი-დეკემბერი ჩვეულებრივად ვიმუშავეთ. არავინ არაფრად ჩაგვაგდო. პასუხის ღირსადაც არ გვაგდებენ. როცა კუთვნილ ხელფასს ვითხოვთ, გვეუბნებიან, მადლობის მაგიერია, რომ სამსახური გქონდათო?“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.