თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
აქციის მონაწილეები ბათუმი-ახალციხის მიმართულებით მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სისტემის სამონტაჟო სამუშაოებს აპროტესტებენ.
მათი თქმით, მშენებლობისთვის საჭირო მიწებში სახელმწიფო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ კომპენსაციას იხდის. მათივე განცხადებით, სამონტაჟო სამუშაოები საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.
„მივმართავ მთავრობის ყველა წევრს. ვარ მრავალშვილიანი მამა. გუშინ მოხდა უკანონობა. არ იყო დაცული უსაფრთხოების წესები და კინაღამ სახლი დამიწვეს. ბავშვები ძალიან შეშინდნენ. ჩემს ოჯახს მიადგა მორალური ზიანი. და არა მარტო ჩემი ოჯახი, მთელი ჩვენი სამეზობლო ამ დღეშია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მანამდე ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა შეხვედრა ვერ შედგა.
აქცია გუშინაც გაიმართა. აქციის დროს დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის, რასაც ერთი პირის დაკავება მოჰყვა. აქციაზე დაკავებული პირი სასამართლომ უკვე გაათავისუფლა.