თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით შრომის დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 28 აპრილს აღინიშნება.
ეს დღე მოწოდებულია, ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების პრევენციას.
შრომის დაცვის მსოფლიო დღის ჩატარების იდეა დაღუპული მუშების ხსოვნის დღიდან იღებს სათავეს, რომელიც პირველად ამერიკელმა და კანადელმა მშრომელებმა 1989 წელს ჩაატარეს, ხოლო 2003 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში აღინიშნება.
2016 წელს შრომის დაცვის მსოფლიო დღის თემაა „სტრესი სამუშაო ადგილზე — კოლექტიური გამოწვევა“.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, სტრესის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გაუარესება, მათ შორის ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები, როგორებიცაა დაუძლურება, შფოთვის შეგრძნება, დეპრესია; და ფიზიკური დარღვევები, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები.
გარდა ამისა, სტრესმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენებას, არაჯანსაღ კვებას, ძილის დარღვევასა და თვითმკვლელობის რაოდენობის გაზრდას.