თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. 28 აპრილს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ, რითაც კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას იმ უბედური შემთხვევების შესახებ, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე მოხდა.
შსს-ს მონაცემებით, 2007-2015 წლებში საქართველოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრამვებისაგან 356 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 642 მძიმედ დაშავდა. მხოლოდ 2015 წელს გარდაიცვალა 42 და დაშავდა 80 ადამიანი.
საპროტესტო აქცია, რომლის ფარგლებშიც გაერთიანებული პროფკავშირები მოუწოდებენ ქვეყნის ხელისუფლებას აღადგინონ შრომის ინსპექცია, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 11:00 საათზე გაიმართება.
2006 წლის იანვარში შრომის ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის გაუქმების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რიცხვი. დასაქმებულთა დიდი ნაწილი ძირითადად სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას დაიღუპა, იტყობინება უწყება.
ამასთან აღნიშნულია, რომ შსს-ს სტატისტიკა სრულ სურათს არ ასახავს და საწარმოებში უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდია.