თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საერთაშორისო პროფკავშირების პან–ევროპული რეგიონული საბჭოს (ITUC PERC) პრეზიდენტად აირჩიეს, აღნიშნულია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ოთხშაბათს, 16 დეკემბერს.
არჩევნები ბრიუსელში 15 დეკემბერს, PERC–ის მესამე გენერალური ასამბლეის მსვლელობისას ჩატარდა. შეხვედრაში ევროპის პროფესიული ცენტრების 120–ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. პეტრიაშვილის დანიშვნას ამ თანამდებობაზე დამსწერა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
ირაკლი პეტრიაშვილმა ამ თანამდებობაზე რუსეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების ფედერაციის თავმჯდომარე მიხაილ შმაკოვი შეცვალა.
„პეტრიაშვილის არჩევა ამ თანამდებობაზე ნიშნავს, რომ საქართველოს პროფკავშირების საქმიანობა საერთაშორისო დონეზე ხდება აღიარებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ირაკლი პეტრიაშვილის კანდიდატურა ITUC PERC–ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, დანიისა და ლიტვის პროფკავშირებმა წარადგინეს.
„აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი რანგის თანამდებობაზე საქართველოს წარმომადგენელი ჯერ არ ჰყოლია. ირაკლი პეტრიაშვილის გამარჯვება არა მარტო საქართველოს პროფკავშირების, არამედ მთლიანად, ქვეყნის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რადგან ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს როგორც დემოკრატიული განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნის მიმართ ევროპის ინტერესსა და საქართველოს ევროპის სოციალური ცხოვრების ორგანულ ნაწილად ქცევის შესაძლებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ITUC PERC 89 ეროვნულ პროფკავშირებს აერთიანებს, რომლებიც პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წევრები არიან. ის ასევე ღიაა გლობალურ პროფკავშირების ფედერაციებთან საერთაშორისო დონეზე და ევროპის დარგობრივ ფედერაციებთან – ევროპის დონეზე თანამშრომლობისთვის.
ITUC PERC–ის პრეზიდენტს ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევენ.