რას აკეთებს ადამიანი, როდესაც ზედმეტი კილოგრამების მოშორება უნდა? რა თქმა უნდა, იწყებს ვარჯიშს და, უმთავრესად, დიეტას, რომელსაც სხვადასხვა წყაროს მეშვეობით არჩევს – მეგობარმა ურჩია, ინტერნეტში წაიკითხა და ა.შ. ეს ინფორმაცია ძალიან ხშირად ქაოტური და ურთიერთსაპირისპიროა. საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მიმართოს პროფესიონალს, მაგრამ როცა ამის ფინანსური საშუალება არ არის, საკუთარი ძალებით ცდილობს პრობლემის მოგვარებას.
ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გასათვალისწინებელ რჩევას, რომ თქვენი წონაში დაკლების მცდელობა უშედეგოდ არ დასრულდეს.
• არ ჭამთ
წონაში სწრაფად დაკლების მიზნით ამ შეცდომას ბევრი უშვებს. თუ ვარჯიშობთ და დღეში საშუალოდ 2500 კალორიას წვავთ, ხოლო მოიხმართ სულ 1200–ს, თქვენი ორგანიზმი იძულებული გახდება, "მარაგი დააგროვოს" და შეანელოს მეტაბოლიზმი, რაც, ამასთან, კუნთოვანი მასის გაძლიერებას გაართულებს.
რა უნდა გააკეთოთ? ჭამეთ, ოღონდ ჯანსაღი საკვები: ხილი, ბოსტნეული, მარცვლოვანი პროდუქტები. მიიღეთ ცილები, უარი არ თქვათ სასარგებლო ცხიმებზე: მცენარეული ზეთი, ავოკადო, თხილეული, მზესუმზირა. ასევე მიიღეთ მწვანილი და სალათები.
• ასრულებთ მხოლოდ კარდიოვარჯიშებს და არასაკმარისად ავარჯიშებთ კუნთოვან მასას
ამ შეცდომას ქალები უფრო ხშირად უშვებენ. კარდიოვარჯიში ზედმეტი წონის დაკლებას ხელს უწყობს, მაგრამ ეს სავარჯიშოები პრაქტიკულად უსარგებლოა კუნთოვანი მასისთვის. სიმძიმეების აწევა და ტრენაჟორები მეტაბოლიზმის დაჩქარებას ეხმარება. ამის წყალობით თქვენი ორგანიზმი ზედმეტ ცხიმს ვარჯიშის დასრულების შემდეგაც კიდევ დიდხანს დაწვავს.
რა უნდა გააკეთოთ? დაუმატეთ თქვენს ვარჯიშს 20-წუთიანი ძალისმიერი სავარჯიშოები: ჩაჯდომა–ადგომა, აზიდვა, პრესი და გაჭიმვა. თანდათან გაზარდეთ დატვირთვა.
• ამბობთ: "დიეტაზე ვარ"
ხშირად ადამიანები, რომლებიც თავს ირწმუნებენ, რომ დიეტას იწყებენ, საქმეს მანამდე ანებებენ თავს, ვიდრე გახდებიან. თუნდაც წარმატების მიღწევის შემთხვევაში აღარ იციან რა ქნან ამის შემდეგ და დროთა განმავლობაში ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან და კვლავ იმატებენ წონაში.
რა უნდა გააკეთოთ? გახდომისას ძალზე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განწყობა. ამოიღეთ მეტყველებიდან სიტყვა "დიეტა". გაიაზრეთ, რომ ექსპერიმენტს ატარებთ ვარჯიშითა და კვებით, და სწორი, თქვენთვის შესაბამისი კომბინაციის შესარჩევად შეიძლება დიდი დრო დაგჭირდეთ. გააცნობიერეთ, რომ ცხოვრების სტილს იცვლით. მთავარია, მასში იპოვოთ პლუსები და მინუსები და მისგან კმაყოფილება მიიღოთ. მხოლოდ ასე არ შეგექმნებათ პრობლემები.
• მხარდაჭერას ვერ პოულობთ
ვინც მარტო იკლებს წონაში, წარმატების ბევრად ნაკლები შანსი აქვს იმასთან შედარებით, ვინც მეგობრებთან ერთად ან ოჯახის მხარდაჭერით აკეთებს ამას. ძნელია ცხოვრების ახალ სტილს მოერგო, თუ ოჯახი და ახლობლები ამ ცვლილებებში მონაწილეობის ან მხარდაჭერის სურვილს არ გამოთქვამენ.
რა უნდა გააკეთოთ? მოძებნეთ ნათესავი ან მეგობარი, რომელთანაც თქვენს ძალისხმევას გააერთიანებთ. თუ ასეთ ადამიანს ვერ იპოვით, უთხარით ახლობლებს თქვენი მიზნების შესახებ და მხარდაჭერა სთხოვეთ. უკიდურეს შემთხვევაში, ინტერნეტში მრავალი ონლაინ–პლატფორმაა, სადაც ერთმანეთს მხარს ვირტუალურად უჭერენ.
• კონკრეტულ მიზნებს არ ისახავთ
თუ მიზნად უბრალოდ გახდომას ისახავთ, დიდი ალბათობით, მიზანს ვერ მიაღწევთ. წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ დიდი მიზნები პატარებად დაყოთ, რომელთა მიღწევა უფრო ადვილია. თქვენი მიზანი უნდა იყოს მკაფიო, გეგმაზომიერი, მიღწევადი და დროში შეზღუდული.
რა უნდა გააკეთოთ? მაგალითად, თუ გინდათ 10 კილოგრამის დაკლება, ეს მიზანი პატარა ნაბიჯებად დაყავით – პირველ თვეში ორჯერ შეამცირეთ მარტივი ნახშირწყლების მიღება (მაგალითად, კარტოფილის) და შეცვალეთ ის ფოთლოვანი ბოსტნეულით, მიიღეთ დღეში რვა ჭიქა წყალი და სპორტდარბაზში კვირაში 4 საათი ივარჯიშეთ.
• ზედმეტად აფასებთ ერთი ვარჯიშის დროს დამწვარ კალორიებს
ბევრს მიაჩნია, რომ ცუდი საკვების ნეგატიურ ეფექტს კარგი ვარჯიშით გაანეიტრალებს, მაგრამ არ ღირს სპორტდარბაზში საკუთარი წარმატება ზედმეტად შეაფასოთ.
რა უნდა გააკეთოთ? გახსოვდეთ, რომ ფიზიკური აქტიურობის გაზრდა მადის გაზრდას იწვევს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ, დააკვირდეთ საკვების რაოდენობასა და მის შემცველობას.
• თანმიმდევრული არ ხართ
ეს წონაში დაკლების დროს დაშვებული ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ჭარბი წონის დაკლება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ვარჯიშსა და კვების ცვლილებებში თანმიმდევრული ხართ.
რა უნდა გააკეთოთ? არ აჰყვეთ ცდუნებას – "ერთი კვირა შევისვენებ". ეს გზის დასაწყისში დაგაბრუნებთ. ნუ მოტყუვდებით პატარა მიღწევებით და ნუ გაზრდით თანდათანობით დატვირთვას.
ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ წარმატებული გახდომა– ეს ჯანმრთელი გახდომაა. თქვენი მიზანი უბრალოდ თეძოს გარშემოწერილობის შემცირება არ არის, არამედ ჯანმრთელობაა. ამიტომ შეურიგდით აზრს, რომ არ არსებობს ჯადოსნური აბი, რომლის საშუალებით 1–2 დღეში ჩამოქნილი სხეული გექნებათ. წონაში დაკლების პროცესი – ეს შეუპოვარი შრომაა, მაგრამ თუ ამ პროცესს სწორად დაგეგმავთ, ამან შეიძლება კმაყოფილება მოგიტანოთ და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.