უმრავლესობამ, ვისაც ოდესმე დიეტა დაუცავს და ზედმეტი კილოგრამები დაუკლია, იცის, რომ დაკლებულ წონას აინაზღაურებს და, შესაძლოა, დამატებით კილოგრამებსაც გამოჰკრას ხელი.
როგორც ნეირობიოლოგი სანდრა აამოდტი მიიჩნევს, ეს ჩვენი უნებისყოფობისა და გახდომის არასაკმარისი სურვილის ბრალი არაა. მეცნიერის კვლევის თანახმად, ამაში დამნაშავე ჩვენი ტვინია.
გარკვეული საზღვრის ქვევით წონის კლების შემდეგ ვწვავთ ნაკლებ კალორიებს, ხოლო ჩვენი ტვინი საკვების მოხმარებას უფრო სასიამოვნოდ და საჭიროდ მიიჩნევს. ამ საზღვარს ჩვენს ტვინში წონის რეგულირებისთვის მოქმედი სისტემა განსაზღვრავს. სწორედ ეს სისტემა და არა ჩვენი სურვილი ან ექიმის დანიშნულება ადგენს „სწორი“ წონის „ტარიფს“, რომელიც დამოკიდებული იქნება გენეტიკასა და შეძენილ გამოცდილებაზე. როდესაც ვშორდებით იმ წონას, რომელსაც ჩვენი ტვინი სწორად მიიჩნევს, ის განგაშს იწყებს და წონის „ნორმაში“ დაბრუნებას ყველა საშუალებით ცდილობს. თუ თქვენ, მაგალითად, 55 კილოგრამს იწონით და გახდომას იწყებთ, ტვინს სხეულის საგანგებო მდგომარეობაზე გადაყვანა და 36 კილოგრამის ნიშნულზე აღნიშვნა შეუძლია, თუ 140 კილოგრამი ხართ — 90 კილოგრამის ნიშნულზე.
ტვინის ეს კოორდინირებული პასუხი წონის დაკლებაზე, სინამდვილეში, ამცირებს იმის ალბათობას, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს და შემდეგ ახალი წონა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს. როგორც აამოდტი აღნიშნავს, ერთი წლის განმავლობაში ზედმეტად მსუქანი მამაკაცის ნორმალურ წონაში ჩადგომის შანსია 1:1199, ხოლო ქალის — 1:676. როგორც ნეირობიოლოგი აღნიშნავს, დიეტის ინდუსტრიის დარგის ერთ-ერთ შიდა ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ 2012 წელს 231-მა მილიონმა ევროპელმა ესა თუ ის დიეტა სცადა. მათგან დაკლებული წონის შენარჩუნება სამუდამოდ მხოლოდ 1%-ს შეუძლია.
მნიშვნელობა არა აქვს, რა დიეტას იცავდით, როგორ დაიკელით წონა — ნელა თუ სწრაფად. შედეგი ერთი და იგივე იქნება: დაკარგული წონის ანაზღაურება წინა ზღვარზე ან უფრო მეტადაც. კვლევების თანახმად, დიეტაზე მყოფთა 41%-მა ხუთ წელიწადში დაკლებულზე მეტი კილოგრამები აინაზღაურა. ზედმეტ წონას სპორტსმენებიც „აგროვებენ“, როდესაც კარიერას ასრულებენ. გარდა ამისა, ისინი, ვინც დიეტების დახმარებით იკლებს, დიდი ალბათობით, სიმსუქნის დიაგნოზს მიიღებენ ვიდრე ისინი, ვისაც დიეტა არასდროს დაუცავს. დიეტის ერთადერთხელ დაცვა მამაკაცებისთვის გასუქების შანსებს ორჯერ ზრდის და ქალებისთვის — სამჯერ; რაც მეტია დიეტა, მით მეტია შანსებიც. და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ეფექტი ყველაზე მეტად გამოხატული იმათთან იყო, ვისაც ნორმალური წონა ჰქონდა და დიეტაზე გადასვლით გახდომა დაიწყო.
რატომ არ შველის დიეტა? პირველ რიგში, იმიტომ, რომ შიმშილი — ეს სტრესია, ხოლო სტრესის დროს გამომუშავებული ჰორმონები ცხიმის წელის არეში დაგროვებას ასტიმულირებს. მეორე — კილოგრამებზე მუდმივი შფოთვა საბოლოოდ ზედმეტ ჭამასა და წონის მატებას იწვევს.
ბევრი რამაა ცნობილი მღრღნელებზე დაკვირვების შედეგად. ისინი, როგორც ადამიანები, მიდრეკილი არიან ზედმეტი ჭამისკენ, როდესაც იძულებული არიან, რიგითობით ხან იშიმშილონ, ხან კი თავისუფლად იკვებონ; ასევე, როგორც ადამიანებს, მღრღნელებს სტრესის დროს ტკბილისა და ცხიმიანის ჭამის მოთხოვნილება უჩნდებათ და ადამიანებივით, ისინიც, ბოლო 20 წლის განმავლობაში, საშუალოდ უფრო მსუქნები გახდნენ. თანაც ეს არა მხოლოდ ლაბორატორიულ, საცდელ მღრღნელებზე, არამედ ველურ ცხოველებშიც აღინიშნება. მღრღნელებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ საკვების გამეორებადი აკრძალვა დოფამინისა (კმაყოფილებისა და სურვილის ჰორმონი) და სხვა ნეირომედიატორების გამომუშავებას ცვლის, რომლებიც მართავენ იმას, თუ როგორ რეაგირებენ ცხოველები კვებაზე. ეს ცვლილებები ტვინში შეიძლება დიდხანს დარჩეს, დიეტის დამთავრების შემდეგაც.
რაც შეეხება ადამიანებს, დიეტა კიდევ ერთ ცუდ რამეს გვაჩვევს. ის გვასწავლის, რომ დიეტასთან დაკავშირებული კონკრეტული წესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შიმშილის რეალური გრძნობა. ხანდახან ადამიანები ჭამენ მხოლოდ იმიტომ, რომ, დიეტის დადგენილი საათებით, ჭამის დრო მოვიდა და არა იმიტომ, რომ შიმშილის გრძნობა აწუხებთ.
როგორც ცნობილია, სიმსუქნე სერიოზული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს, მაგალითად მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის. 2013 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დიაბეტით დაავადებულმა ჭარბწონიანმა ადამიანებმა, რომლებიც დიეტას იცავდნენ, მართალია, დაკარგეს ზედმეტი წონის საშუალოდ 6% ცხრა წელიწადში, მაგრამ ჰქონდათ გულის შეტევები და ინსულტები და მათი სიკვდილიანობის სიხშირე იგივე იყო, როგორიც ადამიანებისა, რომლებიც არ იყვნენ დიეტაზე. ასევე გამოქვეყნდა ბოლო კვლევის შედეგები, რომ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში წონის კლება მათ სიკვდილიანობაზე არანაირ გავლენას არ ახდენდა. თავის მხრივ, მსუქანი ადამიანები, რომლებიც საკმარისი რაოდენობით იღებენ ბოსტნეულს და მწეველები არ არიან, იმავე ასაკში კვდებიან, როგორშიც ნორმალური წონის მქონე ადამიანები. თუ ადამიანი წონაში იკლებს და თან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესდა, ეს, დიდი ალბათობით, წონის კლებას არანაირად არ უკავშირდება.
მაშ როგორ მოვიქცეთ, თუ დიეტა არ შველის? ნეირობიოლოგი მხოლოდ ერთ რჩევას გვაძლევს და რჩევა არცთუ ორიგინალურია — ჭკვიანურად უნდა ვიკვებოთ. არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ შიმშილის გრძნობა ისევე, როგორც არ უნდა უგულებელვყოთ სიმაძღრის შეგრძნება. მხოლოდ ასე შეგვიძლია ხელახლა ვასწავლოთ ტვინსა და მის წონაზე პასუხისმგებელ სისტემას, გაიგოს, რამდენი საკვები გვჭირდება. ამასთან, სპეციალისტი არ გვპირდება, რომ გონივრულობა საკვების მიღების დროს წონის დაკლებაში დაგვეხმარება. „ან დაიკლებთ, ან არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სტაბილური წონის შესანარჩუნებლად ისე, რომ ჭამაზე უარი არ თქვათ, მძლავრი იარაღია“.
P.S. რთული საკითხია არა? ყველგან წერია, ყველგანს ისმის: ჭარბი წონა მავნებელია ორგანიზმისთვის! დაიკელით წონაში და ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდებათ! მაღალი წნევა გაწუხებთ? სიმსუქნის ბრალია! გული გაწუხებთ? სიმსუქნის ბრალია! რაც გაწუხებთ, მოკლედ, ყველაფერი სიმსუქნის ბრალია! განაჩენი — თუ გინდათ, ჯანმრთელი იყოთ, დაიკელით წონაში. ახლა ნეირობიოლოგი გვიმტკიცებს, გინდ დაიკელით და გინდ — არა, გინდ დიეტა დაიცავით და გინდ — არა, სულერთია, მაინც მაშინ მოკვდებით, როცა „საჭირო“ იქნება. ექიმებისა და სპეციალისტების არ ვიცი, მაგრამ პირადად მე გირჩევთ: თუ კარგად გრძნობთ თავს, თქვენი წონა არ გაწუხებთ, არ გიჭირთ ფიზიკური აქტიობა, კარგად მოძრაობთ, კიბეზე ადვილად ადიხართ და ა. შ., ეს ნიშნავს, რომ კარგად ხართ, თუ გაწუხებთ სიმსუქნე, მაშინ დაიკელით წონაში, ოღონდ გაითვალისწინეთ — არ იშიმშილოთ! და კიდევ ერთი — მთელი ცხოვრება დიეტაზე უნდა იყოთ!
ან, შეიძლება გაგიმართლოთ და იმ ბედნიერ 1%-ში მოხვდეთ!