რობოტექნიკისა და ელექტრონიკის UG-Limes-ის აკადემიის დირექტორმა ლევან გაბისონიამ „Sputnik საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოუთხრო თუ რატომ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.
გაბისონია აკადემიას თბილისში მისი დაარსებიდან, 2015 წლიდან ხელმძღვანელობს და დარწმუნებულია, რომ ზუსტი მეცნიერების შესასწავლად საჭიროა არა ბუნებრივი ნიჭი, როგორც ეს ბევრს ჰგონია, არამედ საინტერესო მეთოდი და მიდგომა. ეს კომპონენტები გარანტირებულად იძლევა რეალურ შედეგს და იმას ამტკიცებს, რომ ტექნიკური საგნები არც ისე რთულია, როგორც ეს სკოლაში ეჩვენებათ.
„ჩვენი მიზანია — დავამკვიდროთ ქვეყანაში კულტურა „შექმენი შენი ხელით“ და პრაქტიკული ცოდნის დახმარებით ბუნებისმეტყველებას, ელექტრონიკას, რობოტექნიკას, ინჟინერიას, მათემატიკას, ტექნოლოგიას პოპულარიზაცია გავუწიოთ. ეს ნიშნავს, რომ ბავშვებს ისეთ მეთოდს ვთავაზობთ, რომელიც სასწავლო პროცესს მაქსიმალურად კომფორტულსა და საინტერესოს გახდის. ამის შედეგად ყველაზე რთულ მასალასაც კი ბავშვები ადვილად ითვისებენ“, — უამბო „Sputnik საქართველოს“ გაბისონიამ.
ბავშვებს აკადემიაში მსოფლიოში აღიარებული STEM-ის მეთოდით ასწავლიან (Science, technology, engineering and mathematics). მეთოდი აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიას, მათემატიკას და თეორიის შესწავლაში პრაქტიკული ცოდნის გამოყენებით ეხმარება. ასევე ბავშვები იგებენ, როგორ შეიძლება გამოადგეთ მათ მიღებული ცოდნა ცხოვრებაში.
„მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვებში ზუსტი მეცნიერებების შესწავლისთვის მოტივაცია ჩამოვაყალიბოთ, მსოფლიო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ XXI საუკუნე STEM-განათლების საუკუნედ არის გამოცხადებული. ეს მეთოდი ისეთ უნარებს ავითარებს, რომლებიც შრომის ბაზარზე იქნება საჭირო, და მომავალში ეს ბავშვები ყველაზე კონკურენტუნარიანი კადრები გახდებიან“, — განაცხადა გაბისონიამ.
მაგალითად, რობოტექნიკის აკადემიაში ბავშვებს უხსნიან, ქიმიაში რატომ შეიძლება გამოადგეთ ფიზიკა, ფიზიკაში მათემატიკა და ა.შ. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ ეს მეთოდი ბავშვებში შემოქმედებით და ინოვაციურ აზროვნებას ავითარებს.
პრაქტიკულ მეცადინეობებზე ბავშვებს თეორიული მასალის დაზუთხვა არ უწევთ, ისინი მას ძირფესვიანად იგებენ. მომავალში მათ რაღაც ახლის შექმნის იდეები უჩნდებათ.
„ჩვენ ვასწავლით არა მათემატიკას, არამედ მათემატიკურ აზროვნებას, ტრადიციული მეთოდით ამის მიღწევა შეუძლებელია“, — აღნიშნა გაბისონიამ.
ადამიანების დაყოფა ჰუმანიტარებად და ტექნიკოსებად რობოტექნიკის აკადემიის დირექტორს არასწორად მიაჩნია. მისი აზრით, ეს არის აბსოლუტურად პირობითი დაყოფა, ბავშვების შესაძლებლობებთან და ნიჭთან მას არანაირი კავშირი არ აქვს.
„ხშირად გვესმის, რომ რომელიმე ბავშვი ერთ პედაგოგთან კარგად სწავლობს და სხვასთან ცუდად. ამ შემთხვევაში პრობლემა პედაგოგშია და არა ბავშვში. მასწავლებელმა უნდა ოპოვოს გასაღები, რათა მოსწავლეში საჭირო უნარები გახსნას. მიდგომა და მეთოდი — მოსწავლესთან მუშაობის ყველაზე მთავარი კომპონენტებია“, — განაცხადა გაბისონიამ.
რობოტექნიკის სკოლის დირექტორი მშობლებს სთხოვს არ იჩქარონ, თუ მათ შვილებს ტექნიკური საგნებისადმი მიდრეკილება ჯერ კიდევ არ გაეხსნათ. მისი თქმით, არიან ბავშვები, რომლებსაც სწრაფი გონებრივი აზროვნება ადრეული ასაკიდან აქვთ განვითარებული, და აქიდან გამომდინარე, მათემატიკას ისინი კარგად ითვისებენ, მაგრამ არსებობენ ბავშვებიც, რომლებსაც ეს უნარი გვიან ეხსნებათ.
„ამ უნარების გახსნა ნებისმიერ ბავშვში სწორი მიდგომის დახმარებით ადრე თუ გვიან მაინც შესაძლებელია. რობოტექნიკის აკადემიაში ბავშვები უფრო მეტად თამაშობენ და თამაშის პროცესში, თავისთვის შეუმჩნევლად, ზუსტი მეცნიერებების თეორიულ ნაწილს ითვისებენ“, — განაცხადა გაბისონიამ.
ფინეთი, ჩინეთი, იაპონია, ჩეხეთი, ნორვეგია — ეს ის ქვეყნებია, სადაც პრაქტიკაში უკვე დიდი ხანია გამოიყენება STEM-მეტოდი, რადგან სწორედ ეს არის ტექნიკური საგნების შესწავლის დამხმარე მექანიზმი.
„ბავშვებს უნდა მივცეთ განწყობა და ელემენტარული საფუძველი იმისა, რომ მათემატიკისა და საერთოდ ყველა ზუსტი მეცნიერების შესწავლა მათთვის სასიხარულო და სასიამოვნო იყოს. ჩვენ მათ მომავლის განათლების მიღებაში უნდა დავეხმაროთ“, — ხაზგასმით აღნიშნა გაბისონიამ.
საქართველოში STEM-ი სწავლის ახალ მეთოდად მიიჩნევა, მაგრამ ის უკვე პოპულარული გახდა.
„იმედი გვაქვს, რომ ხუთი წლის შემდეგ, რობოტექნიკის გაკვეთილები ჩვენი სკოლებისთვის ჩვეულებრივი რამ გახდება და საბოლოო ჯამში ისეთ განათლების სისტემას შევქმნით, რომელიც გვსურს“, — აღნიშნა მან.
მეცნიერებები, რომლებსაც მოიცავს STEM-ი, რობოტექნიკის მსგავსია, რადგან ის თავისი შინაარსით არის სისტემა, რომელიც დამოუკიდებლად გარკვეულ ფუნქციებს ასრულებს. ადამიანი მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის კომპონენტის გარეშე რობოტექნიკას ვერ შექმნის.
„სწორედ ამიტომაც STEM-ი და რობოტექნიკა ერთი ცნებაა. სწორედ ამიტომ ჩვენმა აკადემიამ ასეთი სახელწოდება მიიღო. ამის გარდა, ბავშვები აქ გამუდმებით რაღაცას ქმნიან, მათ შორის რობოტებსაც და ამისთვის საკუთარ მათემატიკურ, საინჟინრო და ტექნოლოგიურ ცოდნას იყენებენ“, — განაცხადა გაბისონიამ.
რობოტექნიკის აკადემიაში ბავშვებს 6 წლიდან იღებენ, მაგრამ ახალი სასწავლო წლიდან აქ 5 წლის ბავშვებსაც მიიღებენ. ამ ეტაპზე რობოტექნიკის აკადემია მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს, მაგრამ უახლოეს მომავალში ფილიალები ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და სხვა ქალაქებშიც გაიხსნება.
ამჟამად რობოტექნიკის აკადემიაში 1000 მოსწავლე სწავლობს.
სექტემბრიდან ჯგუფები ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი ბავშვებისთვის გაიხსნება. ერთ ჯგუფში მაქსიმუმ 14-16 მოსწავლე სწავლობს.
„ჩვენს აკადემიაში ვამტკიცებთ, რომ მათემატიკისა და ყველა ზუსტი მეცნიერების შესწავლა ადვილია. ამას ის ადასტურებს, რომ ყველა ჩვენმა მოსწავლემ, რომელთა უმრავლესობა სერიოზულ საგანმანათლებლო პროექტებშია ჩართული, უკვე დიდ წარმატებას მიაღწია“, — დასასრულს აღნიშნა გაბისონიამ.