გამარჯვებულების გუნდში ხუთნი არიან — ნათია შამათავა, დეა ჩიტაია, ალექსი ტყებუჩავა, ლიკა კოკაია და გვანცა ჩიქოვანი. მერვეკლასელების ინოვაციური პროექტი მეწყრის ჩამოწოლის შესახებ გაფრთხილების თავისებურ სისტემას წარმოადგენს და გამოირჩევა განსაკუთრებული სიზუსტით, საიმედოობით, სტაბილურობით და რაც მთავარია, შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი რელიეფის მიმართ.
გუნდს Smart Kids, რომელმაც კონკურსზე წარმოადგინა პროექტი "გეოლოგიური საფრთხეები", 85 გუნდს შორის საუკეთესო უწოდეს.
"Sputnik საქართველო" პროექტის ერთ-ერთ ავტორს, 13 წლის დეა ჩიტაიას დაუკავშირდა, რომელმაც ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტეს სწორედ ამ მოწყობილობის გამოგონება და როგორ ემზადებიან NASA-ში წასასვლელად.
- დეა, ძალიან საინტერესოა, რატომ შეაჩერეთ თქვენი ყურადღება სწორედ მეწყერის ჩამოწოლის გამაფრთხილებელ მოწყობილობაზე, საიდან გაუჩნდათ მერვეკლასელებს ეს იდეა?
— ჩვენი პროექტი ითვალისწინებს მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრები ადამიანების გაფრთხილებას, და ჩვენი მიზანია ყველა შესაძლებელი მსხვერპლის თავიდან არიდება. ჩვენ ვერ შევძლებთ მატერიალური ზარალის აცილებას, მაგრამ შევძლებთ ყველაზე მთავარს — ადამიანის სიცოცხლის დაცვას. ვცდილობდით, ისეთი მოწყობილობა შეგვექმნა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, წინასწარ გავიგოთ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და დროულად დავიწყოთ ადამიანების ევაკუაცია. ხოლო რაც შეეხება თქვენს კითხვას, რატომ გადავწყვიტეთ სწორედ ასეთი მოწყობილობის გამოგონება, გიპასუხებთ, რომ იდეა 2016 წლის აგვისტოში გაგვიჩნდა, როდესაც სენაკში წყალდიდობა მოხდა. ქალაქს დიდი ზარალი მიადგა, დაინგრა ჩვენი სკოლისკენ მიმავალი გზა და ხიდი. სკოლაში შემოვლითი გზებით გვიწევდა სიარული. ამ შემთხვევის შემდეგ ამ მოწყობილობის შექმნა გადავწყვიტეთ.
- როგორ მუშაობს?
ჩვენი მოწყობილობა დედამიწის ზედაპირზე მონტაჟდება. გამოვიყენეთ ჰოლის სენსორი — ეს მოწყობილობა მაგნიტურ ველსა და მის ძაბვას აფიქსირებს. მოწყობილობა შედგება მაგნიტისა და ჰოლის სენსორისგან, რომელიც გამოიცნობს დედამიწის მაგნიტური ველის ინტენსიურობის ცვლილებას და ამ ინფორმაციას მიკროპროცესორს გადასცემს, მიკროპროცესორი კი, თავის მხრივ, მას ცენტრალურ სერვერს გადასცემს.
ჰოლის სენსორი, როგორც აღმოჩნდა, საშიში ზონებისთვის აქამდე არ გამოუყენებიათ. მას, ძირითადად, აყენებენ ავტომანქანების ძრავებში, საწარმოებში. და ის, რომ ჩვენ ის გამოვიყენეთ მოწყობილობის შექმნისთვის, რომელიც აფიქსირებს ცვლილებებს მიწაში, სწორედ ესაა ჩვენი ინოვაცია.
საშიშ ზონებში მცხოვრები ადამიანები დარეგისტრირდებიან სპეციალურ პროგრამაში, რომელიც ჩვენ დავწერეთ. ამ პროგრამის დახმარებით, მეწყრის შემთხვევაში, ისინი სატელეფონო შეტყობინებას მიიღებენ. ამისთვის ინტერნეტი საჭირო არ არის. საჭიროა მხოლოდ ტელეფონის ნომრის ერთხელ რეგისტრირება. ეს, ძირითადად, ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი, რადგან იქ მეწყრის ჩამოწოლის მეტი რისკია.
- რამდენ ხანს იმუშავეთ მოწყობილობის შექმნაზე?
ამ მოწყობილობის შექმნაზე ორთვენახევარი ვიმუშავეთ. გასულ წელს ჩვენთან თბილისიდან ფიზიკოსი ჩამოვიდა, გავიარეთ სპეციალური კურსები, ხოლო მიღებული ცოდნა ამ მოწყობილობის შექმნის დროს გამოგვადგა. სანამ ამ პროექტზე დავიწყებდით მუშაობას, ინტერნეტით მოვიძიეთ, ჩვენამდე ვინმეს ხომ არ ჰქონდა რაიმე მსგავსი შექმნილი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. მსგავსი მოწყობილობის ბევრი ნაირსახეობა არსებობს, მაგრამ ყველა ძალიან ძვირია და დაახლოებით 1,5 მილიონი ლარი ღირს. ჩვენ გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი მოწყობილობა, რომელიც იაფი დაჯდებოდა და ნებისმიერი რელიეფისთვის გამოდგებოდა.
- რა ღირს თქვენი მოწყობილობა?
— დაახლოებით 10 ათასი ლარი.
- შეძლებდა თქვენი მოწყობილობა 2015 წლის ივნისში მეწყრის ჩამოწოლის ამოცნობას, როდესაც თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა?
რა თქმა უნდა. თუ მოწყობილობა იმ ადგილზე დამონტაჟდებოდა და ადამიანები პროგრამაში იქნებოდნენ რეგისტრირებული, ყველა მიიღებდა სატელეფონო შეტყობინებას საფრთხის მოახლოებისა და ევაკუაციის დაწყების აუცილებლობის შესახებ. ეს ხომ მთელი პროცესია. მეწყერი უცბად არ ჩამოწვება, თავდაპირველად ნიადაგში გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობს, რომლებიც ჩვენს მოწყობილობაში აუცილებლად ფიქსირდება.
ჩვენ დავადგინეთ ნორმა. თუ მოწყობილობა დააფიქსირებს, რომ ცვლილებებმა ნიადაგში ნორმას გადააჭარბეს, ადამიანები შეტყობინებას მაშინვე მიიღებენ. ეს ცრუ განგაშის თავიდან ასაცილებლად გავაკეთეთ. მიწა შეიძლევა ვირთხამ გათხაროს და მოწყობილობა ამაზე აუცილებლად მოახდენს რეაგირებას, ამიტომ ჩვენ დავადგინეთ ნორმა, რომელსაც სენსორები აფიქსირებს.
- როგორ მოხდა, რომ ასეთი რამ 13 წლის მოსწავლეებმა გამოიგონეს და არა მეცნიერებმა?
— ეს იმიტომ, რომ ჩვენ მარტივად ვმსჯელობდით. მეცნიერებს კი ღრმა ცოდნა აქვთ და ამათუ იმ ამოცანას ისინი უფრო რთულად ხსნიან. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ არსებობს უფრო რთული მეთოდები. ჩვენ დავსხედით, ვიფიქრეთ, არაფერი გაგვირთულებია და აი, გამოვიდა.
- მოწყობილობის შესყიდვაზე წინადადებები თუ არის?
— ჩვენი მოწყობილობით გაზისა და ნავთობის კორპორაცია დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ მეწყერის გამო მათ ძალიან იზარალეს. სხვათა შორის, კორპორაციამ დააფინანსა ჩვენი სპეციალური კურსები. ვნახოთ, მთავარია, რომ ინტერესი დიდია.
- "ნასაში" მიდიხართ, რას ელით?
— ჯერ არ გვჯერა, რომ მართლა "ნასაში" მივდივართ. ეს ჯერ ბოლომდე არ გაგვიცნობიერებია. შევძლებთ ვნახოთ ადგილი, სადაც მოხვედრაზე მსოფლიოს უძლიერესი ფიზიკოსები ოცნებობენ. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს ასაკში უზარმაზარი მირწევაა.
- ოცნებების ასრულება დაიწყო?
— რა თქმა უნდა. აშშ-ში წასვლა ჩემი უდიდესი ოცნება იყო. ჩვენ უკვე მზად ვართ, მოვამზადეთ პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე. "ნასაში" 13-დან 18 წლამდე მოსწავლეებისთვის სასწავლო ხუთდღიან პროგრამას გავივლით. ეს არიან ახალგაზრდები. რომლებიც დაინტერესებულია მეცნიერებით, ტექნოლოგიებით, ინოვაციებით და აქვთ შესაბამისი უნარები და ცოდნა. პროგრამა მოიცავს კოსმოსთან დაკავშირებულ აქტივობებს.
გარდა ამისა, ჩატარდება "კოსმონავტის ტრენინგი", მათ შორის წყალქვეშა ტრენინგი. დაგვათვალიერებენ NASA-ს მუზეუმს, ჯონსონის კოსმოსურ ცენტრს, გემების პარკსა და ლაბორატორიას Neutral Buoyancy Lab.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ასტრონავტთან სადილი და "ნასას" ექსპერტისგან საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება. ეს მართლა საოცარი მოგზაურობა იქნება. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი თავგადასავლის დაწყებას.