თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა რობ უენრაითმა თბილისში ხელი მოაწერე შეთანხმებას „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“.
ამ შეთანხმებით საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლის მისი მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. დოკუმენტზე ხელმოწერა გასული წლის დეკემბერში დაანონსდა, როდესაც ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.
„ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას! ეს ნიშნავს უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ევროპის სამართალდამცავ უწყებებთან! ეს ნიშნავს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტურ ერთობლივ ბრძოლას! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ევროპული ოჯახის წევრი სამართალდაცვით სფეროში!“, – განაცხადა მღებრიშვილმა ცერემონიაზე შეკრებილი სტუმრების წინაშე მიმართვისას.
საქართველო თანდათანობით ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება – ასე დაახასიათა დოკუმენტზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც შეთანხმების გაფორმების ცერემონიას დაესწრო.
„ევროპოლის ოპერატიულ პარტნიორად ქცევა ნიშნავს იმას, რომ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში. ამ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, ჩვენ ვხდებით ვეროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეთანხმების გაფორმებამდე ევროპოლის დირექტორმა და საქართველოს შს მინისტრმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს და სამომავლე გეგმები განიხილეს. რობ უენრაითმა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ გადაწყვეტილების მიღწევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება აღნიშნა.
„ეს შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებას უფლებას აძლევს, გაცვალოს სადაზვერვო მონაცემები და ჩერთოს ერთობლივ ოპერაციებში ევროპაში მოქმედი ყველაზე საშიში კრიმინალური და ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი დღეა როგორც საქართველოს, ისე ევროპელი სამართალდამცველებისთვის, რადგან ჩვენ ვიპოვეთ ახალი მეგობარი, პარტნიორი, რომელსაც დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს“, – განაცხადა უენრაითმა.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ხელისუფლების, სამართალდამცველი ორგანოების, დიპლომატიური კორპუსისა და მასმედიის წარმომადგენლები.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები ევროპოლის დირექტორმა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან განიხილა. კერძოდ, გომელაურმა უენრაითს ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიღწევები გააცნო.
საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციის შემდეგ შევა.
საქართველოს შს სამინისტრო ევროპოლის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის და ევროპოლის მიერ შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს.
მსგავსი შეთანხმებები ევროპოლმა უფრო ადრე გააფორმა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან: აშშ, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია და ისლანდია.
ევროპის პოლიციის უწყება – ევროპოლი 2006 წლის აპრილში შეიქმნა. ეს სამართალდაცვითი უწყება მიმართულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლობაზე ტრანსნაციონალური და ორგანიზაციული დანაშაულის, საერთაშორისო ტერორიზმის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, ფულის „გათეთრებისა“ და სხვა სფეროებში.