თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „კანონიერი ქურდებთან“ და „ქურდული სამყაროს“ წევრებთან მიმართებით საკანონმდებლო დონეზე სასჯელის გამკაცრებას გეგმავს, განაცხადა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.
კანონმდებლობის გამკაცრება საქართველოს შსს-ს მიერ შემუშავებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების ფარგლებში იგეგმება. სამინისტრო ამ დოკუმენტებს საქართველოს მთავრობას მალე წარუდგენს.
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა არის „კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრება და მისი ნორმების დახვეწა. ჩვენ შევისწავლეთ ამერიკული და იტალიური გამოცდილება, არსებული პრაქტიკა და ჩვენ ამ ინიციატივის შედეგად მივიღებთ უფრო გამართულ კანონმდებლობას, რომელიც გაითვალისწინებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც ამ კუთხით არის და შეამცირებს რისკებს“, — განაცხადა ხუციშვილმა ვიდეოკომენტარებში, რომელიც შსს-ს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
იმის შესახებ, რომ შსს „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანას აპირებს, ცნობილი 2016 წლის დეკემბერში გახდა.
ამისთვის საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური ჯგუფი გააგზავნა იტალიაში, რომელსაც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მდიდარი გამოცდილება აქვს.
მუხლი „ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა“ საქართველოს სსკ–ში 2005 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაჩნდა, რომელმაც ორგანიზებულ დანაშაულს ბრძოლა გამოუცხადა.
თავდაპირველად „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ სასჯელი იყო სამიდან რვა წლამდე პატიმრობა, ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე, ხოლო „კანონიერ ქურდს“ ხუთიდან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა (ჯარიმით ან უარიმოდ).
2006 წელს კანონმდებლობა გაამკაცრეს. ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე, ხოლო „კანონიერი ქურდობა“ – შვიდიდან ათ წლამდე ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე.
„კანონიერი ქურდები“ სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს. ე. წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის“ რეკომენდაციით „კურთხევის“ ცერემონიაზე შეუძლიათ. ქურდები, ტრადიციულად, ე. წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ჩამორთმევას იწვევს.