თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ესპანეთში სპეცოპერაციის შედეგად ე. წ. ქართული მაფიის 48 წევრი დააკავეს. ამით გაიხსნა ბინების ქურდობის 40 ფაქტი მადრიდსა და მურსიაში და 1 ფაქტი — საქართველოში, იუწყება Sputnik Mundo.
ფართომასშტაბიანი ოპერაციის "გეგმა Domus" ფარგლებში ჩაატარეს ჩხრეკები მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესსა და ბარსელონაში. აღმოჩენილია ძვირფასეულობა (600 ნივთი), ასევე ელექტრო-ნივთები, 13 ათასი ევრო, დოკუმენტები და ბინის გატეხისას გამოყენებული ინსტრუმენტები.
საგამოძიებო ღონისძიებები 2016 წლის მარტში დაიწყო. ესპანეთის პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების სერია ჩაატარა, რომლებიც ძირითადად საქართველოს მკვიდრი არიან. მათი უმრავლესობა ადრე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.
ოპერაცია Aikon I —ის პირველი ნაწილი გასული წლის ივნისსა და ნოემბერში ჩაატარეს. მაშინ დააკავეს დაახლოებით 50 ადამიანი. იანვარში სამართალდამცველებმა ახალი ოპერაცია ჩაატარეს, დაკავებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა, ჩატარდა 26 ჩხრეკა, ამოიღეს 33 ათასი ევრო, რვა ძვირადღირებული ავტომობილი, მრავალრიცხოვანი სამკაული და სხვა.
ყველა კონფისკირებული ნივთი ამჟამად მადრიდის პოლიციის სამმართველოშია, საიდანაც დაზარალებულებს საკუთარი ნივთების წაღება შეუძლიათ.