თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ესპანეთის პოლიციამ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა ეგრეთ წოდებული „ქართული მაფიის“ წინააღმდეგ, რომელიც ბინების გაქურდვით იყო დაკავებული. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა რაოდენობა 61 კაცამდე გაიზარდა.
„ახალი დარტყმა მიაყენეს ბინების ქურდობებზე სპეციალიზებულ ქართულ მაფიას. გამოძიება 2016 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც მსგავსი დანაშაულების რიცხვი გაიზარდა. პირველი დაკავებები ივნისში განხორციელდა. ამ დროისათვის სულ დაკავებულია 61 ადამიანი“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ მადრიდში ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელს კონსეპსიონ დანკაუს.
მისი თქმით, დანაშაულებრივ ორგანიზაციაში ცხრა სხვადასხვა დაჯგუფება შედიოდა. დაკავებულთა უმეტესობა ქართველია. გარდა ამისა, დაკავებულია რვა ესპანელი. სამართალდამცველთა განცხადებით, ეს იყო ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია ეგრეთ წოდებული "ქართული მაფიის" წინააღმდეგ.
„ძნელია დანაშაულთა რიცხვის დასახელება. საუბარია ძალიან დიდი ოდენობის თანხაზე“, — აღნიშნა პოლიციის წარმომადგენელმა.
გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ სულ მცირე 300 ათასი ევრო იქნა გადარიცხული სხვა ქვეყნებში, მათ შორის, უმეტესობა საქართველოში.
ქურდობების უდიდესი ნაწილი მადრიდში განხორციელდა, თუმცა დამნაშავეები ესპანეთის სხვა რეგიონებშიც მოქმედებდნენ — სევილიაში, მალაგაში, ბილბაოში, ალიკანტეში, საბადელში, ბარსელონაში.
ოპერაციის მსვლელობისას ჩატარდა 26 ჩხრეკა. ამოღებულია 33 ათასი ევრო, რვა ძვირფასი ავტომანქანა, 7,1 ათასი კოლოფი სიგარეტი, მრავალრიცხოვანი ძვირფასეულობა, საათები, ელექტრომოწყობილობები და ა.შ.
ოპერაციის Aikon I პირველი ნაწილი გასული წლის ივნისში და ნოემბერში განხორციელდა. მაშინ 50 ადამიანი დააკავეს.
ოპერაციის ფარგლებში გაიცა ორდერი დაჯგუფების მეთაურის „კანონიერი ქურდის“ ვლადიმირ შტეიმბერგის (Steymberg) დაკავებაზე, რომელიც სავარაუდოდ იტალიაში იმყოფება.
2014 წელს იგი საქართველოდან გააძევეს.
ოპერაციის მსვლელობისას პოლიცია ასევე გავიდა უკრაინული დაჯგუფების კვალზე, რომელიც თამბაქოს კონტრაბანდით იყო დაკავებული.
ოპერაციაში Aikon II ევროპოლის, საფრანგეთისა და საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.