თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ეგრეთ წოდებული რუსულ–ქართული მაფიის წევრების ადვოკატები, რომელთა საქმეს ესპანეთის ეროვნული სასამართლო განიხილავს, პროკურატურას „არაკეთილსინდისიერებაში, მანიპულირებასა და მოსამართლის მოტყუებაში“ სდებენ ბრალს და ეჭვმიტანილების გათავისუფლებას მოითხოვენ.
დაცვის მხარე ირწმუნება, რომ საბრალდებო სკამზე აღმოჩენილი 16–ვე პირი უნდა გათავისუფლდეს, ვინაიდან მათ წინააღმდეგ არსებული სამხილები ბრალის წაყენებისთვის საკმარისი არ არის, იუწყება სააგენტო EFE.
მაგალითად, უკრაინელი კატერინა კ.-ს ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ახლო ურთიერთობა აქვს ამ საქმის მთავარ ეჭვმიტანილ კახაბერ შუშანაშვილთან და მის ძმასთან — ლაშა შუშანაშვილთან, რომელსაც „ქართული მაფიის“ ლიდერად მიიჩნევენ ევროპაში. პოლიციისა და პროკურატურის ქმედებას ადვოკატი მანიპულაციებს უწოდებს.
საქმის ერთადერთი ესპანელი მონაწილის ხუან მ.ტ.-ს ადვოკატმა კი განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შუშანაშვილთან „მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები“ აკავშირებს, პროკურორებმა კი მათი სატელეფონო საუბრებიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები მოიტანეს იმის დასადასტურებლად, თითქოს ხუან მ.ტ. შუშანაშვილს საკუთარ ანგარიშებზე „ფულის გათეთრებაში“ ეხმარებოდა.
საბრალდებო სკამზე თავდაპირველად 20 პირი უნდა აღმოჩენილიყო, მაგრამ ეჭვმიტანილთაგან ერთი გარდაიცვალა, სამი კი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს. ცოტა ხნის წინ ერთ–ერთი ძებნილი კობა შემაზაშვილი შვეიცარიაში დააკავეს.
„რუსულ–ქართული მაფიის“ წევრების სასამართლო მადრიდში მარტის შუა რიცხვებში დაიწყო. დაკავებულებს მკვლელობებში, ფულის გათეთრებაში, იარაღის შენახვაში, ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებაში, თაღლითობასა და ყალბისმქნელობაში ედებათ ბრალი.
პროკურატურა ეჭვმიტანილებისთვის 5-დან 32 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.
დაჯგუფება ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში საქმიანობდა. დაჯგუფების ერთ–ერთი ლიდერი კახაბერ შუშანაშვილი ბარსელონაში ცხოვრობდა, სადაც დააკავეს კიდეც 2010 წელს. ყველაზე დიდი ხნით, 32 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა სწორედ მას ემუქრება. შუშანაშვილს ბრალი არ უღიარებია.
სულ ევროპულ დაჯგუფებაში 80–მდე ადამიანი შედიოდა. სწორედ ამ დაჯგუფებას ედება ბრალად ნიცაში მცხოვრები „კანონიერი ქურდის“ ვლადიმერ ჯანაშიას მკვლელობის მცდელობა. მისი მოკვლის გეგმა ბარსელონაში მუშავდებოდა, მაგრამ სავარაუდო შემსრულებლები საფრანგეთის პოლიციამ დააკავა. თუმცა ჯანაშიაზე მაინც განხორციელდა რამდენიმე თავდასხმა და საბოლოოდ 2010 წლის მარტში ის მარსელში ჩაცხრილეს.