საქართველომ და რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებები შეაჯამეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიჟენევა
ჟენევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებმა, რომელიც 28-29 მარტს გაიმართა, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული მთელი რიგი მწვავე საკითხები წამოწიეს.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებებმა ჟენევის მოლაპარაკებები შეაფასეს, რომელიც ოფიციალურ თბილისსა და მოსკოვს, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია.

ჟენევის დისკუსიები საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ქეთევან ციხელაშვილი - Sputnik საქართველო
თბილისი მხარს უჭერს ჟენევის დისკუსიაზე რიგი საკითხების დეპოლიტიზაციას

ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 28-29 მარტს გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის კუთხით.

შეხვედრებზე წამოიწია მთელი რიგი მწვავე საკითხები – აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე უმეტესი გამშვები პუნქტების დაკეტვა, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება სამხრეთ ოსეთისთვის სახელწოდების შეცვლის თაობაზე და „რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეთანხმება“ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი „შეიარაღებული ძალების“ ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ.

რუსულმა მხარემ უკმაყოფილება გამოთქვა თბილისის მოქმედებებზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსა და გაეროს უშიშროების საბჭოში და აღნიშნა, რომ თბილისის მთავარი მიზანია დააყენოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული კუთვნილების საკითხი და თანაც გაეროს უშიშროების საბჭოზე, რომლის კომპეტენციაშიც ეს საკითხი არ შედის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთისა და ცხინვალის შეთანხმებაზე კომენტარი გააკეთა

"დისკუსიების პირველივე დღეს ჟენევაში ქართული მხარე უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "რუსული ოკუპაციის" შესახებ საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ჟენევის შეხვედრის ატმოსფერო", — აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამასთან ერთად ქართული მხარე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მოქმედებების მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე საუბრობს.

"მონაწილეებმა საქართველოდან დეტალურად ისაუბრეს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. განხილვის საგანს წარმოადგენდა ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართული მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები… ხაზი გაესვა პრაგმატული გზების გამონახვის აუცილებლობას აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისათვის", — ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო „პრეზიდენტის“ ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილება 9 აპრილს ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ, რომელიც ტერიტორიისთვის "სახელმწიფო ალანიას" დარქმევას გულისხმობს.

ოფიციალურმა თბილისმა ასევე დაგმო 30 მარტს დაგეგმილი ხელმოწერა შეთანხმებაზე, რომელიც ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში გადასვლას მოიაზრებს.

რუსეთის საგარეო უწყებამ ამას ქართული დელეგაციის მხრიდან „ჰუმანიტარული ასპექტების გარშემო სპეკულირება“ უწოდა.

საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კრემლი აფხაზეთში დამატებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს С-300 განათავსებს. მოსკოვი, თავის მხრივ, ამას კატეგორიულად უარყოფს.

ჟენევა - Sputnik საქართველო
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა: ქართველი პოლიტოლოგების მოლოდინები

ქართული მხრიდან ჟენევის დისკუსიების მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოღლის დაუყოვნებლივი დაკავება. კანჯი-ოღლის ქართულმა სასამართლომ ოთხოზორიას მკვლელობისთვის დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ დაუშვებელია უკანონო დაკავებები, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვებისა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე. აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობა და ვითარების გამოსწორებისთვის გზების დასახვის აუცილებლობა.

ქართულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი, მე-40 რაუნდი 20-21 ივნისს არის დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0