თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ქართული მხარე ჟენევის დისკუსიებზე რიგი პრობლემების გადაჭრას გარკვეული საკითხების დეპოლიტიზების გზით შეეცდება, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ჟენევაში სამშაბათს მოლაპარაკებების მორიგი, 38-ე რაუნდი იწყება. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს.
„(მოლაპარაკებების) მთავარ თემებს წარმოადგენს ძალის არგამოყენების ვალდებულება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის ამოქმედება და დევნილთა დაბრუნების თემა. ყოველთვის, როცა ჩვენ ვაყენებთ პრობლემურ საკითხებს, იქვე ვთავაზობთ გამოსავალს, მათ შორის, ჰუმანიტარულ გამოსავალს, ვთავაზობთ ისეთ მიდგომებს, რომ მოვახდინოთ გარკვეული საკითხების დეპოლიტიზება“, — განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ქართული მხარისთვის პრიორიტეტულია იძულებით გადაადგილებულ პირთა ბედი, სამართლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, აღნიშნა მან.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან იმართება. დღეს ეს ერთადერთი ფორმატია, სადაც საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელძღვანელობას შორის დიალოგი მიმდინარეობს. მოლაპარაკებებში აგრეთვე მონაწილეობენ რუსეთი, აშშ, გაერო, ეუთო და ევროკავშირი.