თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიის მონაწილეები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას პასუხისმგებლობას გამოიჩენენ, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 38-ე რაუნდი 13-14 დეკემბერს ჩატარდება. თბილისში ორშაბათს საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან — ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან. ქართულ მხარეს შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.
„საქართველოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის მზადყოფნა და იმედი გამოთქვეს, რომ დანარჩენი მონაწილეები ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან პროცესს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თბილისში მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა განიხილეს ჟენევის 27-ე რაუნდის შედეგები, ასევე შემდეგი მოლაპარაკებების დღის წესრიგი.
ქართულმა მხარემ თანათავმჯდომარეებს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე. დონდუამ ასევე ისაუბრა ქვეყნის ამ ტერიტორიებზე მილიტარიზაციის პროცესზე და რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე.
საქართველოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიუღებელია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვრებთან მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ასევე აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავის დაკავების აუცილებლობა აღნიშნა.
ოფიციალურმა თბილისმა ასევე დააყენა აფხაზეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების პრობლემების დროული გადაჭრის აუცილებლობის საკითხი — მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება არა აქვთ.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.