თბილისი, 29 მარტი — Sputnik. Tbilisi Fashion Week-ის მეთხუთმეტე სეზონი, რომელზეც 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის ქართველი და უცხოელი დიზაინერების კოლექციები იქნება წარმოდგენილი, 19-23 აპრილს გაიმართება.
Tbilisi Fashion Week-ის გახსნის დღეს თეატრისა და კინოს საკულტო ქართველი მსახიობის — სოფიკო ჭიაურელის საღამო გაიმართება, რომლის 80 წლის იუბილე წელს აღინიშნება. მოდის კვირეული ყველაზე მთავარი მოვლენა იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" გაიმართება.
Tbilisi Fashion Week-ის მონაწილეები იქნებიან ისეთი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერები და ბრენდები, როგორებიცაა მარიამ გვასალია, LTFR, ანი დათიკიშვილი, Woyoyo, ელენე გიორგაძე, Ethere Accesoires, სალომე ტყაბლაძე, Atelier 27, ლაშა ჯოხაძე, Laboratory The Window, გიორგი ტატანაშვილი და სხვები.
Tbilisi Fashion Week-ზე კვლავ გაიმართება უკრაინული ბრენდის Lara Quint-ის და ლონდონური ZDDZ-ის ჩვენებები, რომელთა დეფილეები მსოფლიოს უამრავი დედაქალაქის მოდის კვირეულებს ალამაზებენ.
Tbilisi Fashion Week-ის მე-15 სეზონს გააშუქებენ ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორებიცაა VOGUE (იტალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი), Elle (რუსეთი, უკრაინა), Harper's BAZAAR (აშშ), Marie Claire (საფრანგეთი, მონაკო), OFFICIEL (უკრაინა) და სხვები.
თბილისის მოდის კვირეულზე ისეთი ბრენდების ბაიერებს ელოდებიან, როგორებიცაა Harvey Nichols (ჰონგ-კონგი), Rijoux Store (ტელ-ავივი, ისრაელი), Concept Store PORTA 9 (რუსეთი), Al Duca D"acosta (ვენეცია), Joseph Store (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და სხვები. სწორედ ისინი გააცნობენ სამყაროს ქართული მოდის სიახლეებს.
კვირეულზე ასევე Barneys NEW YORK-ის, Vogue Italia-ს, ELLE-ის მოდური ბლოგერისა და ჟურნალისტის როზა სინაისკაიას ვიზიტს ელიან.
Tbilisi Fashion Week-ის სტუმრებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თბილისში საექსურსიო ტურს მოაწყობს.
გარდა ამისა, წელს Tbilisi Fashion Week-ზე ახალი პროექტი TALK-ი დაიწყება, რომელიც ქართულ სარეკლამო ონლაინ-გამოცემა Marketer.ge-სთან თანამშრომლობით ჩატარდება. ამ პროექტის ფარგლებში 20 აპრილს თემაზე "ბრენდინგი და კომუნიკაციები" დისკუსიას ჩაატარებენ მარანგონის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები, რომელიც მოდისა და დიზაინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლაა.
ორგანიზატორთა თქმით, Tbilisi Fashion Week-ის წყალობით საქართველოში ახალი, გამბედავი და ნიჭიერი დიზაინერები გამოჩნდნენ, რომლებიც ამჟამად წარმატებულად მუშაობენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც.
ტრადიციულად, Tbilisi Fashion Week-ის გახსნის წინ, 12 აპრილს სავაჭრო-გასართობ ცენტრ Tbilisi Mall-ში გაიხსნება შოუ-რუმი, სადაც ნებისმიერ მსურველს ქართველი დიზაინერების სეზონური კოლექციების სამოსისა და აქსესუარების შეძენა შეუძლია. ის 24 აპრილის ჩათვლით იმუშავებს.
თბილისის მოდის კვირეული (Tbilisi Fashion Week) ტრადიციისამებრ, წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით.