ქართველმა დიზაინერმა ქეთი ჩხიკვაძემ "Sputnik–საქართველოს" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოუთხრო, რომ ყველა მის მიერ შექმნილი სამოსის მოხაზულობა სადღაც მასში ცოცხლობს და თანდათანობით ამოტივტივდება, თითოეული დეტალი დაწვრილებით იკვეთება, რათა მომავალში სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ გაემგზავროს ყველაზე დახვეწილ მოდის მიმდევრებთან შესახვედრად, სინატიფისა და ელეგანტურობის მათი ყველა მისწრაფების დასაკმაყოფილებლად.
ჩხიკვაძის 2017 წლის გაზაფხულ–ზაფხულის კოლექცია ნათელი ფერებით არის სავსე, თემატიკა კი ყვავილებს ეძღვნება. ჩხირებით ნაქსოვი ყვავილები კაბებს არაჩვეულებრივ ქალურობას სძენს და მათ მფლობელებს განსაკუთრებულს ხდის.
"კოლექცია ნათელ ფერებშია შესრულებული. მე გამოვიყენე ფრანგული ჟაკარდის ქსოვილები. ეს კაბები პარიზში, რუსეთში, აშშ-ში, არაბულ ქვეყნებში იყიდება, კაბები შეიხ მოზასაც გავუგზავნეთ. ჰო, მართლა, ჩემი კაბები ეცვათ ჰოლივუდის ვარსკვლავებს შარშანდელ ოსკარის დაჯილდოებაზე", — ჰყვება ჩხიკვაძე და აღნიშნავს, რომ ჰოლივუდის ლამაზმანები მის სამოსში სხვადასხვა საღამოებზე ხშირად ჩნდებიან.
შეიხი მოზა კატარის ყოფილი ემირის სამი ცოლიდან მეორეა. მისი ნაცნობობა ქართველ დიზაინერთან თბილისში 2015 წელს შედგა, როდესაც მაღალი რანგის სტუმარი საქართველოს პირველად ეწვია.
"ნანი ბრეგვაძის ქალიშვილმა ეკა მამალაძემ რეკომენდაცია გამიწია. შეიხი მოზა ესტუმრა ჩემს მაღაზიას და ძალიან ბევრი კაბა შეიძინა. ამის შემდეგ შეიხ მოზას დას ინტერნეტით ვუკავშირდები, ახალი კოლექციის ფოტოებს ვუჩვენებ და პერმანენტულად ვუგზავნი მას სამოსს, სამ თვეში ერთხელ დაახლოებით 10–15 კაბას, ჩვენ მისი ზომები გვაქვს", — განაცხადა დიზაინერმა.
ჩხიკვაძის კოლექციებს მთელ მსოფლიოში იცნობენ, მას უცხოეთში ქართული მოდა წარმატებით გააქვს და წელიწადში ორჯერ ის თავის კლიენტებს ახალი კაშკაშა კოსტიუმებით ახარებს.
"წელს სავაჭრო პალატაში ქართული პროდუქციის ექსპორტით მეოთხე ადგილი დავიკავე და სიგელიც მივიღე", — აღნიშნა მან.
გრეის ჯილი, რომელიც Fox-ის საპნის ოპერაში "იმპერია" ანიკა კელხუნის როლის შესრულებით არის ცნობილი, ლოს–ანჯელესში წითელ ხალიჩაზე ჩხიკვაძის კაბით ბრწყინავდა. ცნობილი ინგლისელი მომღერალი და მსახიობი ვიქტორია სამერიც მაყურებლის წინაშე ქართველი დიზაინერის კაბით გამოჩნდა.
ჩხიკვაძე ქმნის როგორც ყოველდღიურ, ისე გამოსასვლელ სამოსს. მაგრამ უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებს. არ უყვარს სამოსის გადატვირთვა. უბრალო დეტალების დახმარებით ყველაზე სადა სამოსის ხელოვნების ნიმუშად გადაქცევის უნარი — დიზაინერის ხელწერაა, რომლის ამოცნობა მალევე შეიძლება.
"ვცდილობ კოსტიუმს ისეთი დეტალი შევმატო, რომელიც მას დასამახსოვრებელს გახდის. ვიყენებ მარგალიტებს, ვარდებს, ჭიამაიების თემატიკას, ნაქსოვ ყვავილებს, ფერად ფრინველებს და ა.შ. ბევრი თემაა, რომელიც ჩემ სტილზე მიუთითებს. ვიყენებ ძვირფას ქსოვილებსა და მასალებს, ტყავს, ბეწვეულს, თვლებს", — აღნიშნა ჩხიკვაძემ.
მოდის ქართულ ბაზარზე ჩხიკვაძე უკვე 15 წელია საქმიანობს. მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი დაამთავრა. თავიდან ყაზახეთში ცხოვრობდა, სადაც დაიწყო სამოსის შექმნა, შემდეგ თბილისში გადმოვიდა და აქ გააგრძელა თავისი საქმე.
დიზაინერი მოდის ყველა კვირეულში აქტიურ მონაწილეობას იღებს. ექვსი წლის წინ პარიზში გაემგზავრა და პირველი ქართველი დიზაინერი იყო, რომელმაც პარიზის შოუ–რუმში მიიღო მონაწილეობა. სწორედ აქედან დაიწყო მან საკუთარი პროდუქციის უცხოეთში ექსპორტირება.
"სხვადასხვა ქვეყნის ბაიერები ჩამოდიან, მიკვეთავენ სამოსს, შემდეგ ჩვენ მას მთელი მსოფლიოს ბუტიკებში ვგზავნით", — გვიამბობს ჩხიკვაძე.
დღეს დიზაინერს საქართველოში სამი მაღაზია აქვს — ორი თბილისში და ერთი ბათუმში.
"კოლექციას ვარსკვლავებისთვის ან ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არ ვქმნი. როდესაც ვმუშაობ, იმაზე არ ვფიქრობ, კონკრეტულად ვინ ჩაიცმევს მას. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ის განსაკუთრებული იყოს. ადამიანებს ჩემს საკუთარ ხედვას ვთავაზობ, მაგრამ კლიენტების სურვილებსაც ყოველთვის ვითვალისწინებ, კლიენტიც კმაყოფილი რჩება. მაგრამ დიზაინერის მთავარი მიღწევაა, როდესაც კლიენტი თავისი იდეებით კი არ მოდის, შენ იდეებზე თანხმდება, იმაზე, რაც შენ შექმენი", — აღნიშნა მან.
უკვე მზადაა 2017 წლის შემოდგომა–ზამთრის კოლექციაც, რომელმაც პარიზი და მილანი მოიარა და მალე ჰოლივუდის მსახიობების გარდერობის შესავსებად ლოს–ანჯელესში გაემგზავრება. მაისში კი ჩხიკვაძე საკუთარ კოლექციას თბილისში Mercedes Benz Fashion Week–ის ჩვენებაზე წარადგენს.