25 წლის გვასალიას ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაიყიდება ისეთის ბრენდების გვერდით, როგორიცაა Valentino, Salvatore Ferragamo, Stella Mc Cartney, Michael Kors, Givenchy, Gucci, D K N Y, Fendi, Chloe, Celine, Alexander Mcqueen, Bulgari, Burberry და სხვა, მსოფლიოში ცნობილი ბრენდები.
„გასულ წელს მონაწილეობა მივიღე Tbilisi fashion week-ში და გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოვადგინე. ჩვენების შემდეგ მაღაზია Al Duca d’Aosta-ს წარმომადგენლისგან წინადადება მივიღე, ისინი TFW-ს სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ. მახსოვს, როგორ შემოვიდნენ კულისებში, დაათვალიერეს ჩემი კოლექცია, შეამოწმეს ფაქტურა, რამდენად მისაღები იყო ის მათთვის“, — განუცხადა დიზაინერმა „Sputnik საქართველოს“.
Al Duca d’Aosta ვენეციაში 1902 წლიდან ფუნქციონირებს. როგორც წესი, ასეთი დონის მაღაზიების წარმომადგენლები დიზაინერების კოლექციებს რამდენიმე სეზონის განმავლობაში აკვირდებიან და მხოლოდ დეტალური ანალიზის შემდეგ სთავაზობენ მათ თანამშრომლობას. თუმცა გვასალიას კოლექციამ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მაღაზიის ყურადღების მიქცევა მაშინვე შეძლო.
„ეს არ იყო შავი კოლექცია უბრალო სილუეტებით. კოლექცია ფერადოვანი იყო. ჩემს ტანსაცმელში სპორტული და კლასიკური სტილის მიქსია. ტანსაცმელთან ერთად ასევე შემიკვეთეს ფეხსაცმელი, ჩექმა-ბოტფორტები, რომლებსაც ჩემს კოლექციებში ხშირად ვიყენებ. ვფიქრობ, ჩემს კოლექციაში იყო ისეთი დეტალები, რომლებიც მოეწონათ. ალბათ, ჩემი პროდუქცია მათი ბაზრისთვის მისაღები იყო“, — აღნიშნა გვასალიამ.
ქართველ დიზაინერს უყვარს თამაში სტილთან, სილუეტთან, ცვლის ქუსლების ფორმას, ამბობს, რომ მისი ხელწერის ცნობა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ შაბლონები არ უყვარს.
„რა თქმა უნდა, შემიძლია გავიმეორო მასალა კოლექციებში, მაგალითად, გამოვიყენო ორგანზა, მაგრამ სხვა ფერში და სხვა დამუშავებით. ძალიან მიყვარს კლასიკური სტილი და მაქსიმალურად ვცდილობ ქალის სილუეტის გამოკვეთას. ვენეციაში 34 ეგზემპლარი გავაგზავნე“, — განაცხადა გვასალიამ.
ვენეციაში გაგზავნილი სამოსი მთლიანად ქართულ ფაბრიკაში შეიკერა. ახალგაზრდა დიზაინერი დარწმუნებულია, რომ დღეს საქართველოში თავისუფლად შეიძლება ისეთი ხარისხის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეკერვა, რომლებსაც ევროპული მაღაზიების მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.
გვასალიამ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, შემდეგ სწავლობდა მილანში, პრაქტიკა კი ესპანეთში გაიარა. დიზაინერი მიიჩნევს, რომ Tbilisi fashion week არა მარტო ლამაზი, არამედ საქართველოში მოდის სამყაროში მნიშვნელოვანი და საჭირო ღონისძიებაა, რადგანაც ის ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერებისთვის ნამდვილ ტრამპლინს წარმოადგენს.