თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საკრებულოს 50 დეპუტატიდან 13 მილიონერია, იტყობინება არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის ცენტრი — მედიატორი".
კვლევა ქონებრივი დეკლარაციების საფუძველზე ჩატარდა. პირველ სამეულში მმართველი პარტიის დეპუტატები მოხვდნენ.
პირველ ადგილზეა დეპუტატი თამარ ტალიაშვილი. მისი ქონება 3,4 მილიონ ლარადაა შეფასებული.
მეორე ადგილზეა ილია ჯიშკარიანი — 3,3 მილიონი ლარით, ხოლო მესამეზე ვლადიმერ ძნელაძე — 2,9 მილიონი ლარით.
მეოთხე ადგილზე ფრაქცია "დედაქალაქის" თავმჯდომარე ზაზა ვეკუა გავიდა, 2,5 მილიონი ლარით.
ხუთეულში ასევე შევიდა უმრავლესობის დეპუტატი ავთანდილ დავითაძე — 2,3 მილიონი ლარით.
მილიონერ დეპუტატებს შორის ყველაზე ღარიბი აღმოჩნდა დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ტყემალაძე — 946,4 ათასი ლარი.
"ჩვენ შევისწავლეთ საკრებულოს 50 დეპუტატის საქმე. აღმოჩნდა, რომ მათგან 21-ს არ შეუვსია ქონებრივი დეკლარაცია. ხოლო 29-დან 13 — მილიონერი აღმოჩნდა… დეპუტატები ცდილობენ დამალონ თავიანთი ქონება და არალეგალური შემოსავლები", — თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის ცენტრი — მედიატორის" წარმომადგენელმა ნინო ყურაშვილმა.
მისი თქმით, იმ 21 დეპუტატს შორის, რომელსაც დეკლარაცია არ შეუვსია, 12 — ქართული ოცნების წარმომადგენელია, 4 დეპუტატი ყოფილი მმართველი პარტიის წევრია, დეკლარაცია ასევე არ შეუვსია ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს 2 წევრს, 1 დეპუტატს პატრიოტთა ალიანსიდან და დამოუკიდებელ დეპუტატებს — ალექსანდრე ელისაშვილსა და დავით მანჯავიძეს.