თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 115 დეპუტატიდან საქართველოს პარლამენტში 37 მილიონერია, მოწმობენ არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი — მედიატორის“ კვლევები.
კვლევა ქონებრივი დეკლარაციის საფუძველზე გაკეთდა.
მილიონერ–დეპუტატთა პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა შოთა შალელაშვილი — 34 907 000 ლარი. მეორე ადგილზეა იოსებ მაკრახიძე — 12 733 000 ლარი, მესამე ადგილს იკავებს ბექა ოდიშარია — 12 414 000 ლარი.
შემდეგ მოდის ლევან კობიაშვილი — 9 829 000 ლარი და კობა ნარჩემაშვილი — 7 672 000 ლარი.
მილიონერთა სიაში ასევე ოპოზიციის ოთხი დეპუტატი მოხვდა. პირველ ადგილზეა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ნატო ჩხეიძე — 51 მილიონი ლარი, მეორე ადგილზე მოხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია — დაახლოებით 8 მილიონი ლარი.
შემდეგ მოდიან „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის დეპუტატები სერგო რატიანი — 1 560 900 ლარი და აკაკი ბობოხიძე — 1 219 450 ლარი.
დეკლარირებულ მილიონერებს შორის 18–დან ექვსი მინისტრი აღმოჩნდა:
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე — 36 604 500 ლარი;
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი — 11 253 000 ლარი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი – 9 748 000 ლარი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია — 5 მილიონ ლარზე მეტი;
რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე — 2 442 000 ლარი;
ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი – 1 965 000 ლარი.