კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გიორგი მარგველაშვილმა კი კონსტიტუციის საყოველთაო–სახალხო განხილვების კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" წამოიწყო. რატომ გახდა საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და რატომ მსჯელობს კომისია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხზე, "Sputnik საქართველო" კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
ვახტანგ ძაბირაძე: საკონსტიტუციო კომისია, რომელიც თვლიდა რომ ქვეყნის ძირითადი კანონი გასამართია, ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში შეიქმნა. მოქმედ კონსტიტუციაში არის ადგილები, რომლებიც დასახვეწია ან სხვაგვარად არის ჩამოსაყალიბებელი ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც მოქმედი კონსტიტუცია მიიღეს, ის საკმაოდ კრიტიკულად შეფასდა, რადგან საკმაოდ ნაჩქარევად იყო მიღებული. რაც მთავარია არც მაშინ და არც შემდგომ პერიოდში კონცეპტუალურად არ მომხდარა იმის განსაზღვრა, თუ რატომ უნდა შევცვალოთ კონსტიტუცია და რომ შევცვლით რას მივიღებთ.
-ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ამჟამად საკონსტიტუციო კომისია განიხილავს პრეზიდენტის არჩევის წესია. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ის?
პრეზიდენტი კონსტიტუციის გარანტად და სახელმწიფოს მეთაურად იმისდა მიუხედავად რჩება, იქნება ის არჩეული მოსახლეობის თუ პარლამენტის ან კოლეგიის მიერ. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს არა აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებები, მას ამისთვის შესაბამისი ბერკეტები არ გააჩნია, მაგრამ როდესაც არის პოლიტიკური კრიზისი, საგარეო საფრთხე და ა.შ. მაშინ პრეზიდენტი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების მატარებელია. პრეზიდენტი აპოლიტიკური ფიგურაა და არბიტრია, მაგალითად, იმავე პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. რაც შეეხება არჩევის წესს, პირდაპირი წესით აირჩევ პრეზიდენტს თუ არაპირდაპირით, ორივე წესი დემოკრატიულია და ფუნქციონირებს სხვა ქვეყნებში, მაგრამ აქ უკვე ლაპარაკი არის იმ სპეციფიკაზე, რომელიც ჩვენთან არის. მხედველობაში მაქვს ადგილობრივი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარება, მისი ანალიზი. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ თუ პირდაპირი არჩევის წესს დავტოვებთ, მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატს ჩვენ ვწირავთ იმისთვის, რომ თავისი წინასაარჩევნო კამპანია და შეხვედრები მოსახლეობასთან, დაიწყოს სიცრუით, იმიტომ რომ დღევანდელი ვითარებიდან და საზოგადოებაში არსებული განწყობიდან გამომდინარე, პრეზიდენტად ამირჩიეთ და მე მხოლოდ არბიტრი ვიქნებიო, ამას ვერ იტყვის. ამიტომ იწყება დაპირებებზე ლაპარაკი, რომელთა შესასრულებლადაც ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტს არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური, არც სოციალური ბერკეტები უბრალოდ არ გააჩნია. ამიტომ მგონია, რომ ამ სიტუაციაში მისი არაპირდაპირი წესით არჩევა აჯობებს. ამით ჩვენ დავიხსნით პრეზიდენტს სიცრუისგან. მეორე მომენტი არის ლეგიტიმაციის ხარისხი. როდესაც პრეზიდენტი ხდება არჩეული მთელი მოსახლეობის მიერ, მას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია, მაგრამ არა აქვს შესაბამისი მექანიზმები ამ ლეგიტიმაციის ქმედებაში გადასაყვანად. აქედან გამომდინარე ერთი მხრივ ხდება მისი პოლიტიკური დისკრედიტაცია, მეორე მხრივ კი ასეთი პრეზიდენტი იწყებს თავისი მდგომარეობის პოლიტიკური ქულების და კაპიტალის დასაგროვებლად გამოყენებას. ქვეყანას არც ერთი უნდა და არც მეორე. აი ეს არის ის ორი არგუმენტი თუ რატომ არ უნდა იქნეს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი. მათგან ვინც საპირისპიროს ამბობს, ჩემი არგუმენტის გამაბათილებელი არგუმენტი მე არ მომისმენია. ისინი ამბობენ, რომ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს შემაკავებელი ფუნქცია ექნება. როგორ ექნება შემაკავებელი ფუნქცია, როდესაც მას არა აქვს სათანადო მექანიზმები? თუ შემაკავებელ ფუნქციაში გულისხმობენ იმას, რომ მას ექნება მაღალი ავტორიტეტი და მოსახლეობისადმი მიმართვით შეეძლება მთავრობაზე ზემოქმედების მოხდენა, აი ეს არის სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ უნდა გავექცეთ. თუ პრეზიდენტი თავის ავტორიტეტს იყენებს იმისთვის, რომ საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპიროს, ამით იწერს თვითონ პოლიტიკურ ქულებს, მაგრამ ახდენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. რა თქმა უნდა ეს არ შეიძლება.
-არაპირდაპირი არჩევის წესმა შესაძლოა რომ შექმნას ერთპარტიულ მმართველობასთან დაკავშირებული გარკვეული რისკები?
როდესაც მხარს ვუჭერ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას, იქნება ეს პარლამენტი თუ კოლეგია, აქ ერთი რამაა აუცილებლად ხაზგასასმელი. დავუშვათ, თუ პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი, საჭირო უნდა იყოს როგორც უმრავლესობის უმრავლესობის მხარდაჭერა, ასევე ოპოზიციის უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ რომელიმე მხარის უმრავლესობა არ იქნება, უნდა ჩაითვალოს, რომ პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხერხდა. ასეთ შემთხვევაში ან მეორე ტური უნდა ჩატარდეს, ან სხვა მექანიზმები ამოქმედდეს. იმიტომ რომ, თუ პრეზიდენტი მხოლოდ უმრავლესობის მიერ იქნება არჩეული, მივიღებთ ისევ პარტიულ პრეზიდენტს, რაც ასევე არ იქნება კარგი ქვეყნისთვის. ან კოლეგიამ უნდა აირჩიოს ის ხმების ორი მესამედით. აქ მთავარია შევთანხმდეთ, რომ ჩვენ პარტიული პრეზიდენტი არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც იქნება ნეიტრალური. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან რთულია პრეზიდენტს არ გაუჩნდეს პოლიტიკური ამბიცია. ამიტომ რაღაც გამოსავალი აქაც უნდა მოვიფიქროთ. არ შეიძლება, რომ მან თავისი საპრეზიდენტო ვადა და უფლებამოსილება პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად გამოიყენოს, ამიტომ, მიამჩნია რომ საპრეზიდენტო ასაკი უნდა გავზარდოთ სადღაც 55 წლამდე. ასეთ შემთხვევაში, საპარლამენტო ტიპის პრეზიდენტი ორი ვადის შემდეგ ისეთ ასაკში იქნება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურობა წესით არ უნდა მოუნდეს. დასავლეთში ეს არის დაუწერელი კანონი და ამას ითვალისწინებენ. უფრო მეტიც, იქ პრეზიდენტები ფაქტიურად 60-წელს გადაცილებული ადამიანები ხდებიან. ჩვენ აქ ამის გამოცდილება არ გვაქვს და ამიტომ იძულებულები ვართ რომ ეს პირდაპირ ავსახოთ კონსტიტუციაში.
-ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც დღეს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ვის უნდა დაექვემდებაროს?
— ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პრემიერი და საპარლამენტო უმრავლესობაა და მათ ამისათვის ყველა მექანიზმი აქვთ. ამ დროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს არსებობა, რომელსაც მეთაურობს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც არანაირი მექანიზმი არ გააჩნია, ვფიქრობ არასწორია. მაგრამ საომარი მოქმედებების შემთხვევაში ვითარება იცვლება. თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი აღარ არის რომელიმე პარტიის წევრი, ის არის გამაერთიანებელი. ომის დროს კი ქვეყანას სწორედ გაერთიანება სჭირდება. აქედან გამომდინარე ჩემთვის არგუმენტირებულია, რომ თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელობდეს პრეზიდენტი, მაგრამ მშვიდობიანობის დროს, ჯობია, რომ ამ უწყების ხელმძღვანელი აღმასრულებელი ხელისუფალი იყოს, რადგან ის რაც უშიშროების საბჭომ უნდა გააკეთოს, ისედაც არის მის ხელში. თუ ეს უწყება პრეზიდენტის დაქვემდებარებაში დარჩება, იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა უნდა დაავალოს იმავე სამინსიტროებს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება აქედან გამომდინარე ჯობია თავიდანვე მკაფიოდ იყოს განსაზღვრული ვის რა უფლებები და ვალდებულებები გააჩნია.