თბილისი, 11 მარტი – Sputnik. თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის (Rustavi2) მხარდასაჭერად რამდენიმე ათასი ადამიანი შეკრიბა.
აქციაზე, რომელიც თითქმის ორსაათნახევარს გაგრძელდა, შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიების, ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები. შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ ტელეარხზე პოპულარული სატელევიზიო შოუების წამყვანები, „ნიჭიერის“ გამარჯვებული ბარბარე სამხარაძე, „Х–ფაქტორის“ გამარჯვებულები გიორგი ნაკაშიძე და ავთო აბესლამიდი და სხვები.
აქცია 2 მარტს დააანონსეს, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაცხადეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების წილების რეგისტრაციის გაუქმებისა და მათი ყოფილი მფლობელის — ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასათვის“ გადაცემის შესახებ.
„რუსთავი 2“-მა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამაზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე დღეს შეაჩერა.
„დღეს აქ ჩვენ არ ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტულად „რუსთავი2“ დავიცვათ, გარდა ამისა, ჩვენ ვიცავთ ზოგადად სიტყვის თავისუფლებას და ზოგადად მედიას“, – განუცხადა ფოლკლორის მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა კონცერტის დაწყებამდე ტელეკომპანიის ჟურნალისტს.
„რუსთავი2“–ის მხარდასაჭერად იყო მისული მომღერალი სოფო ნიჟარაძე. „მე სიტყვის თავისუფლებას ვუჭერ მხარს“, – აღნიშნა მან.
„იმდენჯერ შევიკრიბებით, რამდენჯერაც საჭირო იქნება, საფრთხე არსად არ გამქრალა, ეს არის ჩვენი დროებითი გამარჯვება“, – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაკლუბის“ დამფუძნებელმა ნინია კაკაბაძემ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილებაც კი არ გახდა გაკვეთილის მომტანი. ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნის შიგნით მათ დააზარალეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოც. სტრასბურგის სასამართლოს განცხადების შემდეგაც კი ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ქონებრივ დავაზე საუბარს“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.
აქცია–კონცერტის დასრულებამდე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა „რუსთავი2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, ასევე სხვა მოსამართლეებს გადადგომისკენ მოუწოდა
„ჩვენ მოვითხოვთ და ყველას ვთხოვთ, ვისაც გავლენა აქვს საზოგადოებაზე, მოითხოვონ იგივე. მოვითხოვთ გაყიდული მონების გადადგომას – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მზია თოდუა, ზურაბ ძლიერიშვილი, ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე, გიორგი შავლიაშვილი, ნატალია ნაზღაიძე, ნათია გუჯაბიძე და შორენა ყაველაშვილი“, – განაცხადა გვარამიამ.
ამასთან, გვარამიამ სთხოვა სტუდენტებს, ბოიკოტი გამოუცხადონ იმ მოსამართლეების ლექციებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიან.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რუსთავი2“-ის თანამშრომლების უკმაყოფილება გამოიწვია. ნეგატიური რეაქცია მოჰყვა ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომლებმაც საქართველოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უზენაესმა სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არის პრობლემები, მაგრამ – არა სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.