თბილისში ევროპის ერთა თასის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების შეხვედრა „დინამო არენას“ სტადიონზე კვირას გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
ეს მატჩი გუნდების შეხვედრის ისტორიაში 21-ე იქნება. გამართულ 20 მატჩში 18-ჯერ გამარჯვება საქართველოს ნაკრებს ხვდა წილად, რუსეთის გუნდმა კი წარმატება მხოლოდ ერთხელ მოიპოვა.
პირველად ქართველი და რუსი რაგბისტები მოედანზე ერთმანეთს 1993 წელს მსოფლიო თასის პირველი ეტაპის შესარჩევ მატჩში პოლონეთში შეხვდნენ. სწორედ ეს მატჩი არის რუსეთის ნაკრების ერთადერთი წარმატება. მაშინ შეხვედრა ანგარიშით 15:9 დასრულდა.
შემდეგი დადებითი შედეგის ლოდინი რუსეთის გუნდს ცხრა წლის მანძილზე მოუწია. 2002 წლის 3 მარტს თბილისში გუნდებმა მატჩი ფრედ 12:12 დაასრულეს.
ვერც მანამდე და ვერც ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების დამარცხება რუსმა რაგბისტებმა ვეღარ შეძლეს.
გუნდები ბოლოს 2016 წელს სოჭში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც გამარჯვება კვლავინდებურად ქართველებმა მოიპოვეს ანგარიშით 24:7.
ყველაზე დიდი გამარჯვება საქართველოს ნაკრებმა 2012 წელს მოიპოვა, მატჩი ანგარიშით 46:0 დასრულდა.
საქართველო-რუსეთის ორთაბრძოლაში საერთო ანგარიშია — 500:231.
ჩატარებული 20 მატჩის განმავლობაში საქართველოს რაგბის ნაკრებს 55 წარმატებული ლელო ჰქონდა, რომელთაგან ხუთ-ხუთი ბესო უდესიანისა და ირაკლი მაჩხანელის ანგარიშზეა. ორივე რაგბისტმა ეროვნული გუნდის სახელით ასპარეზობა უკვე დაასრულა.
რუსეთის ნაკრებზე 11-ჯერ გამარჯვება იზეიმეს ირაკლი აბუსერიძემ, მამუკა გორგოძემ და მერაბ კვირიკაშვილმა. აბუსერიძემ პროფესიონალური კარიერა უკვე დაასრულა, გორგოძე და კვირიკაშვილი კი კვლავ რჩებიან აქტიურ მოთამაშეებად და ისინი კვირას დაგეგმილ მატჩში გუნდის ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.
მიმდინარე სეზონში ევროპის ერთა თასის ტურნირის ფარგლებში ორივე ნაკრებმა სამ-სამი მატჩი გამართა. რუსებმა სამი მატჩიდან წარმატება ბელგიელებთან მოიპოვეს (25:18) და ორჯერ დამარცხდნენ – ესპანეთთან (6:16) და რუმინეთთან (10:30). ტურნირის ცხრილში რუსეთის ნაკრები ოთხი ქულით მეხუთე ადგილზეა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მან სამივე მატჩი წარმატებით დაასრულა: ბელგიის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 31:6, გერმანიის გუნდი 50:6 და ესპანეთის — 20:10. ნაკრების აქტივში 14 ქულაა და ის ევროპის ერთა თასის ერთპიროვნული ლიდერია.