თბილისი, 10 მარტი — Sputnik. აფხაზეთის მკვიდრ რაშიდ კანჯი-ოღლის, რომელიც საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის ვადა 12-დან 14 წლამდე გაუზარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
2016 წლის დეკემბერში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება) დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა საქართველოს პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა.
2016 წლის 19 მაისს ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს სოფელ ხურჩაში, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. ორი დღის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებული დაასახელა — აფხაზეთის დე–ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი რაშიდ კანჯი-ოღლი.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გასული წლის 19 მაისს გიგა ოთხოზორიამ საკუთარი Opel Astra მოდელის ავტომობილით ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები მიიყვანა, რომლებსაც გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ ახლობლის დაკრძალვისთვის შეძენილი პროდუქტის გადატანა.
გიგა ოთხოზორიამ მდინარე ხაიაზე ხიდი გადაჭრა, რათა იქ მყოფი პირებისთვის ეთხოვა, დახმარებოდნენ მის ნაცნობებს პროდუქტების გადატანაში.
საუბარში ჩაერთო მათთან მდგომი რაშიდ კანჯი-ოღლი, რაც შემდეგ შელაპარაკებაში გადაიზარდა. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ოთხოზორია სოფელ ხურჩისკენ გაბრუნდა, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რაშიდ კანჯი-ოღლი უკან დაედევნა.
იგი ოთხოზორიას ხურჩის ტერიტორიაზე წამოეწია და ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის, ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში რამდენჯერმე ესროლა. ოთხოზორია დაეცა, ხოლო კანჯი-ოღლიმ თავის არეში საკონტროლო გასროლით მოუსწრაფა სიცოცხლე. რის შემდეგაც დატოვა სოფლის ტერიტორია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა.
გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობა 2016 წელს მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ დანაშაულად იქცა. მკვლელობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა და ქართველებსა და აფხაზებს ნდობის აღდგენისა და დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ კანჯი-ოღლის ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებისთვის გადმოცემის საკითხი არაერთხელ დააყენა, თუმცა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.
საქართველოს მოქალაქის სიკვდილის საკითხი გახდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართული პირველი შეხვედრის განხილვის საგანი, რომელიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის ივლისში პირველად გაიმართა.