თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ მოსამართლის თანაშემწე გიორგი შამათავაზე დაყრდნობით.
ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს. ორი დღის შემდეგ ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო ძალების წარმომადგენელს რაშიდ კანჯი-ოღლის ბრალი წაუყენა. მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოცხადდა.
რაშიდ კანჯი-ოღლი მოსამართლემ დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — „განზრახ მკვლელობა“ და „იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარება“.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, კანჯი-ოღლი შინაპატიმრობაში იმყოფება.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობა 2016 წელს მომხდარი ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ დანაშაულად იქცა.
ოთხოზორიას მკვლელობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა და ქართველებსა და აფხაზებს ნდობის აღდგენისა და დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ კანჯი-ოღლის ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებისთვის გადმოცემის საკითხი არაერთხელ დააყენა, თუმცა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა.
საქართველოს მოქალაქის სიკვდილის საკითხი გახდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართული პირველი შეხვედრის განხილვის საგანი, რომელიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის ივლისში გაიმართა.