თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მკვლელობის საქმე, გახდა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრის გრიგორი კარასინის შეხვედრაზე.
გიგა ოთხოზორია მიმდინარე წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში სასიკვდილოდ დაჭრეს. ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო ძალების წარმომადგენელს რაშიდ კანჯი-ოღლის და ინტერპოლს მიმართა შუამდგომლობით - ბრალდებულზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე. თავად კანჯი-ოღლი შინაპატიმრობაში იმყოფება აფხაზეთში.
„ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ ეს კაცი (კანჯი-ოღლი) — დამნაშავეა და მომავალში იგი უნდა დააპატიმრონ. შინაპატიმრობა — არაადეკვატური გადაწყვეტილებაა და არის საშიშროება, რომ მის სიცოცხლეს შესაძლოა რაიმე დაემუქროს, ეს კი ჩვენთვის მიღებელია“, — თქვა აბაშიძემ.
ამასთან, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მან კიდევ ერთხელ შეახსენა კარასინს, რომ აფხაზეთის მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„ჩვენ არ ველოდით დაპირებებს, ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი პოზიცია და შევატყობინეთ საფრთხის შესახებ. პასუხად მივიღეთ, რომ ეს აფხაზური მხარის პასუხისმგებლობაა და არა რუსულის. და რომ გადაწყვეტილება შინაპატიმრობის შესახებ მართლაც არაადეკვატურია“, — აღნიშნა მან.
იმავე დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილმა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს დააკისრა.
„ჩვენ ცოტა არ იყოს გვაშფოთებს ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ემოციური განხილვის ფონზე, ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილმა მაშინვე მომხდარში რუსულ მხარეს დასდო ბრალი, ჩვენ ძირეულად არ ვეთანხმებით ამას“, — თქვა კარასინმა.
ასეთი საკითხები უნდა წყდებოდეს ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, დასძინა მან.
მისი თქმით, ეხლა ყველაზე მთავარია დამნაშავის დასჯა.
„აფხაზეთი თქვენთვის ოკუპირებულია, ჩვენთვის აფხაზეთი რესპუბლიკაა, რომლის დამოუკიდებლობაც ჩვენ ვაღიარეთ. სანამ არ შევწყვეტთ ამ უაზრო კამათს, ჩვენ წინ არ წავიწევით. აუცილებელია გავერკვეთ ინციდენტში. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვინდა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და მართლმსაჯულებამ იზეიმოს“ — თქვა კარასინმა.
რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ცალმხრივად აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. პასუხად საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა რუსეთთან, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს პარლამენტის გადაწყვეტილებით ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.