თბილისი, 31 მაისი — Sputnik. სოფელ კორცხელში არჩევნების დროს მომხდარ ჩხუბში დამნაშავენი დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ, უთხრა საქართველოს პრემიერმა ქართველ ჟურნალისტებს ბორდოში.
22 მაისს, შუალედური არჩევნების მსვლელობისას, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის.
"ჩემი პოლიტიკური მოსაზრებაა, რომ ეს პრეცედენტი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. გამოძიება მიმდინარეობს და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში შეიტყობთ შედეგებს. პრემიერ-მინისტრების მხრიდან მითითება, "დააკავეთ", "დაიჭირეთ", "ნულოვანი ტოლერანტობა", ასეთი რაღაცეები საქართველოში აღარ იქნება და მოლოდინებიც ნუ გვექნება. დასასჯელი, რა თქმა უნდა, დაისჯება, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუციების გადასაწყვეტი", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კორცხელში მომხდარი ინციდენტი საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაგმო. შსს საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა). მომხდარზე სასწრაფო რეაგირება მოითხოვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა.