თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გუშინ შსს-ში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ინციდენტის მონაწილე ექვსი სპორტსმენის დაკითხვა, — იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გასულ კვირას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მიმდინარეობისას სოფელ კორცხელში ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სცემეს: უშიშროების საბჭოს ექს-ხელმძღვანელი გიგა ბოკერია, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია და რეგიონის ექს-გუბერნატორი თენგიზ გუნავა. ოპოზიცია ამას ხელისუფლების წარმომადგენლებს აბრალებს.
როგორც დაკითხვაზე შესვლამდე სპორტსმენებმა ტელეკომპანიას განუცხადეს, ისინი საკუთარი ნებით მივიდნენ. სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ კი, არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია კომენტარი.
ჟურნალისტებთან მხოლოდ სპორტსმენების ადვოკატმა ისაუბრა. ზურაბ ბელთაძის თქმით, საქმე არ გადაკვალიფიცირებულა და გამოძიება კვლავ ცემის მუხლით მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„სპორტსმენები იყვნენ თავიანთი ნებით გამოცხადებულები. განაცხადეს ის, რაც მათთვის ცნობილია ამ ფაქტის ირგვლივ. გამოძიება დაწყებულია ცემის ფაქტთან დაკავშირებით,“ — განაცხადა ზურაბ ბელთაძემ.