თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მოითხოვა გიგა ოთხოზორიას ოფიციალური თბილისის მიერ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული აფხაზეთის მცხოვრები რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემა.
ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს. ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო ძალების წარმომადგენელს რაშიდ კანჯი-ოღლის და ინტერპოლს მიმართა შუამდგომლობით - ბრალდებულზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე. თავად კანჯი-ოღლი შინაპატიმრობაში იმყოფება აფხაზეთში.
ქართულმა მხარემ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარეს ოთხოზორიას მკვლელობის საქმის მასალები, კერძოდ დნმ-ის ანალიზის, ბალისტიკური და სასამართო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები, იუწყებიან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში.
გარდა ამისა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ასევე დააყენა საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხი, რომელიც სოხუმის იზოლატორში იმყოფება. ოფიციალური თბილისი მის პატიმრობას უკანონოდ მიიჩნევს.
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების ჩატარების შესახებ შეთანხმება, რომლებშიც მონაწილეობენ თბილისის, სოხუმის, გაერო-ს, ეუთო-ს და ევროკავშირის წარმომადგენლები, მიღწეულია 2009 წლის 1 ივლისს. თუმცა 2012 წლის აპრილში სოხუმის პოზიციის გამო მექანიზმის მუშაობა შეჩერდა.
ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ ქართულმა ხელმძღვანელობამ გალში შეხვედრების განახლების საკითხი დააყენა. შეთანხმება შედგა ჟენევის მალაპარაკებების 35-ე რაუნდზე, სადაც მალაპარაკებებს ახორციელებენ თბილისის, რუსეთის, აშშ-ს, გაერო-ს, ეუთო-ს და ევროკავშირის წარმომადგენლები. ასევე დისკუსიებში სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მოლაპარაკებების განახლების შემდეგ პირველი შეხვედრა 19 ივნისს გაიმართა.