დღეს ჩვენ თბილისურ აივანზე ოდნავ ტრიალებს სამხრეთამერიკული სოფელი მაკონდოს ჯადოსნური სურნელი… სოფლისა, რომელშიც, ხოსე არკადიო ბუენდიას განკარგულებით, სახლები ისე იყო განლაგებული, რომ ყველა მცხოვრებს ერთი და იგივე ძალისხმევა სჭირდებოდა მდინარიდან წყლის ამოსატანად და დღის ცხელ საათებში ყოველ სახლს მზის სხივების ერთნაირი რაოდენობა ათბობდა. სახლებში კი იმდენი ფრინველი ცხოვრობდა, რომ როდესაც მაკონდოში ჩასულ ბოშებს ჰკითხეს, თუ როგორ მოძებნეს ეს პატარა დასახლება, მათ უპასუხეს — ჩვენ ჩიტების გალობას მოვყვებოდითო…
რაღა თქმა უნდა, მიხვდით, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარია თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი, გამომცემელი, ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიისა და ნობელის პრემიის ლაურეატი, ახალი ლიტერატურული მიმდინარეობა “მაგიური რეალიზმის” ფუძემდებელი გაბრიელ (გაბო) ხოსე დე ლა კონკორდია გარსია მარკესი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1927 წლის 6 მარტს კოლუმბიის პატარა ქალაქ არაკატაკაში. ამბობენ, რომ სწორედ მისი დაბადების ადგილი გახდა მის შესანიშნავ „მარტოობის ას წელიწადში“, და არა მხოლოდ ამ რომანში, აღწერილი სოფელ მაკონდოს ერთგვარი პროტოტიპი. თავად მარკესი კი ამბობდა: „მაკონდო არა იმდენად ადგილი, არამედ წარმოსახვითი სახელმწიფოა, რომელიც საშუალებას გაძლევს დაინახო ის, რაც გინდა და დაინახო ისე, როგორც გინდა“.
პატარა გაბიტოს (როგორც გაბრიელს ბავშვობაში ეძახდნენ) მშობლები — გაბრიელ ელიხიო გარსია და ლუისა სანტიაგა მარკესი მამის ახალი სამსახურის გამო ქალაქ ბარანკილიაში გადავიდნენ. გაბიტოს აღზრდა კი ითავეს ბებიამ და ბაბუამ დედის მხრიდან – დონია ტრანკილინა იგუარანმა და გენერალმა ნიკოლას რიკარდო მარკეს მეხიამ. ორივე შესანიშნავი მთხრობელი იყო. სწორედ მათ მოახდინეს პირველი და წარუშლელი გავლენა მარკესის მსოფლმხედველობაზე. ჯადოსნური ზღაპრების ნაცვლად ბაბუა მას ბოლო სამოქალაქო ომის ამბებს უყვებოდა, ხოლო ბებიის წყალობით სახლი სავსე იყო აჩრდილების, წინათგრძნობებისა და სხვა არარეალური ისტორიებით, რომელსაც მისი ქმარი გულმოდგინედ უგულებელყოფდა. სხვათა შორის, სწორედ ბაბუამ აჩვენა პირველად გაბიტოს ყინული. თუ გახსოვთ, „მარტოობის ასი წელიწადი“ სწორედ ამ ეპიზოდით იწყება…
1937 წელს გაბრიელის ბაბუა გარდაიცვალა და ოჯახი საბოლოოდ დასახლდა ქალაქ სუკრეში, სადაც მარკესის მამამ ფარმაცევტად დაიწყო მუშაობა.
1940 წელს 12 წლის გაბრიელმა სტიპენდია მიიღო და სწავლა დაიწყო ქალაქ ბოგოტას ახლოს მდებარე ქალაქ სიპაკირას კოლეჯში, ხოლო 1946 წელს, მშობლების სურვილის გათვალისწინებით, ჩააბარა ბოგოტას ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც, სხვათა შორის, გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, მერსედეს ბარჩა პარდო. 1950 წელს მარკესმა მიატოვა უნივერსიტეტი, რადგან მწერლობა და ჟურნალისტობა გადაწყვიტა.
ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ მარკესი შესანიშნავი იურისტი და ადვოკატი გამოვიდოდა, მაგრამ რამხელა ბედნიერებაა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო.
ერთხელ, გაბრიელ გარსია მარკესმა თქვა, რომ ის წერს იმისთვის, რომ ყველას უყვარდეს. იხუმრა კიდეც, რომ, სავარაუდოდ, „საპნის ოპერების“ შექმნა ამ თვალსაზრისით უფრო ეფექტური იქნებოდა.
გუშინ დიდხანს ვეძებდი, მისი რომელი გამონათქვამი შემეხსენებინა თქვენთვის და მივხვდი, რომ შერჩევა უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ გთავაზობთ ამ ვიდეორგოლს, რომელშიც მარკესის ყველაზე ცნობილი აფორიზმები და სიბრძნეებია შესული:
მარკესის პირველი ნოველა „ფოთოლცვენა“, რომლის დასაბეჭდადაც ის გამომცემელს მთელი 7 წლის განმავლობაში ეძებდა, 1955 წელს დაიბეჭდა და, ავტორის თქმით, მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოები იყო, რადგან გამოირჩეოდა გულწრფელობით და სპონტანურობით. ცნობილია, რომ გაბრიელ გარსია მარკესი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა პატარა მოთხრობებსა და ნოველებს. მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი იყო ერნესტ ჰემინგუეი და, მარკესის თქმით, ის ყოველთვის ყურს უგდებდა მის რჩევებს. პირველი რჩევა კი მდგომარეობდა იმაში, რომ მოთხრობა, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ჩანს, სინამდვილეში აისბერგს ჩამოჰგავს — მისი მთავარი ნაწილი ჩაძირულია და იმისთვის, რომ მოკლე და ძლიერი მოთხრობა დაწერო, უნდა ბოლომდე მიწვდე იმ ღრმად ჩაძირულ ნაწილს. მეორე რჩევის თანახმად კი, იმისთვის, რომ ნამდვილი მწერალი გახდე, საჭიროა უდიდესი შრომა. ყოველთვის ძნელია ნაწარმოების დაწყება, არსებობს ერთგვარი „ცარიელი ფურცლის შიში“, მაგრამ ეს შიში უნდა დაძლიო და აუცილებლად დაიწყო წერა იმისთვის, რომ ხვალ ცარიელი ფურცელი კვლავ წინ არ დაგიხვდეს.
თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებისთვის „მარტოობის ასი წელიწადი“ მარკესი 18 წლის ასაკიდან ემზადებოდა, და 18 თვის განმავლობაში წერდა. თანაც რომანის დაწერა გადაწყვიტა მოულოდნელად, როდესაც ოჯახთან ერთად მიემგზავრებოდა მანქანით აკაპულკოში. მან შემოატრიალა მანქანა, დაბრუნდა სახლში და წერა დაიწყო. ხოლო ოჯახი რომ ერჩინა, პირველ რიგში მანქანა გაყიდა. 1967 წელს რომანი დაიბეჭდა და მის ავტორს უდიდესი წარმატება და შემდგომში ნობელის პრემიაც მოუტანა. სხვათა შორის, იმისთვის, რომ გამზადებული რომანი გამომცემლისთვის გაეგზავნა, მარკესს 80 პესო დააკლდა, რისთვისაც მეუღლის ფენი და მიქსერი დააგარავა, რის გამოც მერსედესი „დაემუქრა“ — ღმერთმა არ ქნას, რომ რომანი ცუდი გამოვიდესო…
არ ვიცი, მე როდესაც ვკითხულობდი და დღესაც ვკითხულობ ამ რომანს, მართლა ბედნიერი ვარ, რადგან ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ცხადიდან გადავდივარ სიზმრებში, რომლებიც სიცხადეზე უფრო ჭეშმარიტია, რომ მემატება სილამაზის განცდის შეგრძნება, რომ ცაშიც ავდივარ და პეპლებიც მესევიან. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მეც ვცხოვრობდი საოცარ მაკონდოში…
ასევე განსაკუთრებით მიყვარს მარკესის „პატრიარქის შემოდგომა“, რომლის მოქმედების ადგილი კვლავ წარმოსახვითი ქვეყანაა კარიბის აუზში. ეს რომანი მარკესმა ვენესუელის დიქტატორის მარკოს პერეს ხიმენესის დამხობისა და გაქცევის შემდეგ დაწერა. თავად მწერლის განცხადებით, ეს რომანი „პოემაა ძალაუფლების მარტოობისა“.
ცალკე გამოვყოფდი მარკესის ნოველას „პოლკოვნიკს არავის სწერს“ – მანაც რაღაც სხვანაირი კვალი დატოვა ჩემ გულში…
თქვენც, რა თქმა უნდა, ყველას თქვენი მარკესი გყავთ, ამიტომაცაა ის დიდი და უსაზღვრო.
მარკესს თავის დროზე კომუნისტებთან კავშირში ადანაშაულებდნენ. განსაკუთრებით ეს მის მეგობარს, კომანდანტე ფიდელ კასტროს ეხებოდა. მარკესი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ფიდელთან მას აკავშირებდა ლიტერატურა და რომ კუბელი დიქტატორი ძალიან განათლებული კაცი იყო, მასთან საუბარი კი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. აღსანიშნავია, რომ ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს მექსიკის პრეზიდენტის კარლოს სალინას დე გორტარის პირადი თხოვნით მარკესი არაოფიციალურად ასრულებდა შუამავლის როლს კლინტონისა და ფიდელ კასტროს მოლაპარაკებებში.
ისე კი სასაცილოა გაბრიელ გარსია მარკესის დადანაშაულება რომელიმე პოლიტიკური მიმდინარეობის მხარდაჭერაში. როგორც ჩანს, ვინც მას ბრალს სდებდა, მისი ქმნილებები უბრალოდ წაკითხული არ ჰქონდა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, გაბრიელ გარსია მარკესს ჰყავდა ერთადერთი მეუღლე — მერსედესი და ორი ვაჟი. გუშინ პირველად გავიგე, რომ, თურმე, ის წერდა საბავშვო ზღაპრებსაც, შვილებმა კი ჰკითხეს — მამა, ნუთუ მართლა გგონია, რომ ბავშვები ასეთი სულელები ვართო.
რაც შეეხება ქალბატონ მერსედეს ბარჩას, გაბრიელი ყოველთვის თვლიდა, რომ მათი ქორწინება ზეცაში შედგა. ღმერთმა ის და მერსედესი შეაერთა ზემოთ, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ დედამიწაზე ჩამოსვამდა. მათ ერთმანეთი საცეკვაო მოედანზე გაიცნეს. მარკესისთვის ეს პირველი დანახვით სიყვარული გახდა, მერსედესისთვის – პირველი, ბავშვური სიყვარული. ორივესთვის ის მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდა, ისინი ერთად 55 წლის განმავლობაში იყვნენ. მერსედესი გაურბოდა ხალხმრავალ ადგილებს და სახლში ყოფნა ერჩივნა. ის იმდენად თავმდაბალი და უამბიციო იყო, რომ ჟურნალისტები ხუმრობდნენ, გაბრიელ მარკესის მეუღლე, ალბათ, მუნჯიაო. მარკესი კი ცხოვრების ბოლოს გამოტყდა ერთ რამეში – რომ მთელი მისი ცხოვრების აზრი სიყვარულში ყოფილა…
ალბათ, მართლაც უდიდესი ნიჭია სიყვარულის შენარჩუნება… მოდით, მივიღოთ დიდი მარკესის ერთი პატარა რჩევა:
გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და სიყვარულით სავსე დღეს!