მთავარია ცეკვავდე და რა მნიშვნელობა აქვს – სად...

© photo: Sputnikეკატერინა მაქსიმოვა
ეკატერინა მაქსიმოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე მისთვის ჩვეული გრაციოზულობით შემობრძანდება… არა, შემოფრინდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბალერინა, ლეგენდარული გალინა ულანოვას საყვარელი მოწაფე, საბალეტო ხელოვნებაში თუ რამე წოდება, ტიტული და ჯილდო არსებობს, ყველას ლაურეატი, შესანიშნავი ეკატერინა მაქსიმოვა, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1939 წლის 1 თებერვალს ქალაქ მოსკოვში.

ალბათ, ყველა იცნობთ საოცარ რუს მსახიობს ვალენტინ გაფტს, რომელიც ასევე ცნობილია თავისი ძალიან ხისტი ეპიგრამებით, რომლებსაც მოურიდებლად უძღვნის ყველას, მათ შორის ძალიან ახლობელ ადამიანებსაც. ჰოდა, როცა ასეთი ირონიული და ცინიკური გაფტი ვინმეზე დაწერს ესოდენ სენტიმენტალურ სტროფებს: 

Ты – легкая, но с грузом всей Вселенной.

Ты – хрупкая, но крепче нет оси.

Ты – вечная, как чудное мгновенье

Из пушкинско-натальевской Руси.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს მართლა არ გააჩნია ნაკლი და, პირველ რიგში, როგორც ადამიანს…

მოდით, ვისიამოვნოთ ეკატერინა მაქსიმოვას შეუდარებელი „ტარანტელათი“, ფილმ–ბალეტიდან „ანიუტა“:

ეკატერინა მაქსიმოვა გახლავთ ცნობილი რუსი ფილოსოფოსის, ხელოვნებათმცოდნის, ფილოლოგისა და პოლიგლოტის (ფლობდა 17 ენას) გუსტავ შპეტის შვილიშვილი. ის რეპრესიების დროს, 1937 წელს დახვრიტეს. 1949 წელს, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩაბარებისას ეკატერინას ოჯახმა მოახერხა ამ ფაქტის დამალვა.

ჯერ კიდევ სასწავლებლის მეორე კლასში ეკატერინამ დიდი თეატრის სცენაზე ისე შთამბეჭდავად შეასრულა პატარა ციყვის როლი ბალეტ „მოროზკოში“, რომ მას ყურადღება მაშინვე მიაქციეს და რამდენიმე კრიტიკოსმა ის რეცენზიებშიც კი მოიხსენია მოიხსენია.

მე-7 კლასში მაქსიმოვამ შეასრულა რახმანინოვის „რომანსი“, ხოლო მე-8 კლასში – მაშას როლი ჩაიკოვსკის ბალეტში „მაკნატუნა“.

აღსანიშნავია, რომ ბელგიის დედოფალ ელიზავეტას მოსკოვში ვიზიტის დროს მის აღმატებულებას, რომელიც ქორეოგრაფიულ სასწავლებელს ეწვია, ეკატერინას ცეკვა აჩვენეს, ხოლო საბჭოთა კავშირში „გრანდ ოპერის“ პირველი გასტროლების დროს ცნობილმა ქორეოგრაფმა ჰარალდ ლანდერმა სწორედ ეკატერინა შეარჩია ცეკვის კლასიკური გაკვეთილის მასტერ-კლასის ჩასატარებლად.

1958 წელს ეკატერინა მაქსიმოვა დიდი თეატრის დასში მიიწვიეს და ის პირველივე დღიდან და 40 წელზე მეტი ხნის მანძილზე მისი საყვარელი თეატრის პრიმა-ბალერინის მაღალ წოდებას ინარჩუნებდა.

მინდა შემოგთავაზოთ მაქსიმოვას უნიკალური ფუეტე, ხელების დახმარების გარეშე. წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ — შემოტრიალებებს ტყუილად ნუ დაითვლით, ისე ლამაზად ასრულებს, რომ მაინც შეგეშლებათ.

კრიტიკოსები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ეკატერინა მაქსიმოვას ფილიგრანული ტექნიკის გარდა განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული მომხიბვლელობა გააჩნია. ალბათ სწორედ ამით მოხიბლა მან ვლადიმერ ვასილიევი, რომელთანაც ერთად სასწავლებლის ერთ მერხზე იჯდა. 1961 წელს ისინი დაქორწინდნენ და ლამაზ ოჯახთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი საბალეტო დუეტიც შეიქმნა.

სიამოვნებით გიწვევთ ამ დუეტის საბალეტო ნომრის „ჩოგბურთის“ სანახავად, რომელსაც წარმოგიდგენთ ცნობილი სპორტული კომენტატორი და წარსულში ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლაი ოზეროვი:

ეკატერინა მაქსიმოვას არ უყვარდა ინტერვიუების მიცემა. ერთ-ერთ ჟურნალისტთან თავისი იშვიათი ურთიერთობისას მან განაცხადა, რომ მისი და ვლადიმერის ერთობლივმა ცხოვრებამ ბევრ გამოცდას გაუძლო. მისი მეუღლის მომხიბვლელობა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელ ქალბატონებს იზიდავდა… და ზოგჯერ ის ცდუნებას ვერ უძლებდა, მაგრამ მათ ცხოვრებაში დადგა დრო, როდესაც ორივე მიხვდა, რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილი და ერთ ცეკვას ასრულებენ დიდ დარბაზში, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია.

ამ კადრების რამდენჯერმე ნახვის შემდეგ ბოლომდე ვიგებ ეკატერინა მაქსიმოვას შესანიშნავ სიტყვებს: ცეკვა არის ის, რაც იმალება სამ სიტყვას შუა – „მე შენ მიყვარხარ“.

36 წლის ასაკში ეკატერინამ მძიმე ტრამვა მიიღო რეპეტიციის დროს და ექიმებმა სცენაზე გამოსვლა აუკრძალეს. როგორც თავად ამბობდა, მხოლოდ ვლადიმერ ვასილიევს უნდა უმადლოდეს იმას, რომ წამოდგა ინვალიდის სავარძლიდან და უკვე შემდეგ სეზონში გამოვიდა სცენაზე ჟიზელის როლში.

ეკატერინა მაქსიმოვა უდიდესი წარმატებებისა და მაღალი რეგალიების მიუხედავად ყოველთვის რჩებოდა უბრალო და საოცრად სადა პიროვნებად. მისი საყვარელი კომპოზიტორები იყვნენ პროკოფიევი, მოცარტი და ჩაიკოვსკი. მწერლებიდან ყველაზე მეტად უყვარდა ტურგენევი და ბუნინი, პოეტებიდან – პუშკინი, ახმატოვა და ცვეტაევა. იშვიათად თავისუფალ დღეებში მიდიოდა კოსტრომის ოლქის სოფელ რიჟევკაში, სადაც მათ პატარა სახლი შეიძინეს და, მისი თქმით, ყველაზე დიდ სიამოვნებას სოკოების შეგროვებით იღებდა.

გასტროლებზე სიარულის აუცილებლობა რომ არა, მაქსიმოვას საზღვარგარეთ სიარული არ უყვარდა, არ იზიდავდა ფეშენებელური სასტუმროები და ხალხმრავლობა. ის მხოლოდ ერთხელ, მეუღლესთან ერთად ესტუმრა მათ მეგობარს, რეჟისორ ძეფირელის პალერმოში, მაგრამ იქაც უსაქმოდ ვერ გაჩერდა და მაესტროს დაეხმარა ფილმ „აიდასთვის“ მიზანსცენების მომზადებაში.

სხვათა შორის, ეკატერინა მაქსიმოვასა და ვლადიმერ ვასილიევის მატადორის ცეკვა შესულია ძეფირელის ცნობილ ფილმში „ტრავიატა“, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ წერილში ვერ ჩავსვი, რადგან მასზე საავტორო უფლებები შეზღუდულია და მხოლოდ მთელი ფილმის ნახვა შეიძლება. ნამდვილად ღირს, მაგრამ ამის დრო არ გვაქვს და ამიტომ კომპენსაციის (თან რა კომპენსაციის) სახით გთავაზობთ დუეტს მინკუსის „დონ კიხოტიდან“:

ეკატერინა მაქსიმოვა უკანასკნელად სცენაზე 1999 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ ის ქორეოგრაფიულ მოღვაწეობას ეწეოდა. 2009 წელს კი მოულოდნელად გარდაიცვალა – გულის უკმარისობისგან… წავიდა ამ ცხოვრებიდან ისე, რომ არავინ შეუწუხებია, წყნარად და ჩუმად, როგორც ფერია…

ფერია, რომლის როლსაც ასე შესანიშნავად ასრულებდა…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და ჯადოსნურ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0