დღეს ჩვენს აივანს ისეთი კაცი ესტუმრება, რომ, ცოტა არ იყოს, დავიბენი. ვინ არ მობრძანებულა აქ — სამეფო გვარის წარმომადგენლები, მსოფლიო კულტურისა და მეცნიერების კორიფეები, ჩვენი შესანიშნავი ქართველები, ზღაპრის გმირები და მათი შემქმნელი მეზღაპრეები, პლანეტები და მათი დამპყრობელი კოსმონავტ-ასტრონავტები, მაგრამ ეს კაცი რაღაც სხვანაირია… გიტარის სიმივით დაჭიმული, არაჩვეულებრივად გულწრფელი, ერთდროულად უხეშიც და უსაზღვროდ თბილიც, ფილოსოფოსიც და ხულიგანიც… და, რაც მთავარია, ბოლომდე თავისუფალი… თუმცა, თავად ამბობდა, რომ ადამიანს დაცემაც კი არ შეუძლია თავისუფლად, რადგან ჰაერშიც კი სრული სიცარიელე არ არის.
ეს გახლავთ შესანიშნავი ვლადიმერ ვისოცკი, რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1938 წლის 25 იანვარს მოსკოვში.
პირდაპირ მინდა დავიწყო მისი სიმღერით Кони привередливые და შემოგთავაზოთ ამ სიმღერაზე დადგმული ცეკვა, რომელსაც ასრულებს შესანიშნავი მოცეკვავე მიხეილ ბარიშნიკოვი:
ჰყვებიან, რომ ბავშვობაში ვალოდია ძალიან ლამაზი იყო, დიდი ცისფერი თვალებით და გოგოს ჩამოჰგავდა. მხრებზე ოქროსფერი კულულები ეყარა და ხუმრობით მშობლები ბაფთასაც კი უკეთებდნენ. იყო საოცრად კეთილი და მხიარული.
როდესაც სამამულო ომი დაიწყო, მამამისი ფრონტზე წავიდა, ხოლო ოჯახი ევაკუაციის დროს ციმბირში გადაბარგდა. ვალოდიას მამამ ფრონტზე ევგენია ლიხოპატოვა გაიცნო და ოჯახში აღარ დაბრუნებულა. მალე დედაც მეორედ გათხოვდა. ევგენიას ვალოდია შეუყვარდა და ძალიან თბილად ექცეოდა, მამინაცვალმა კი მასთან საერთო ენა ვერ გამონახა, ამიტომ მამამ წაიყვანა გერმანიაში, სადაც ომის შემდეგ გაანაწილეს.
გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ვალოდიამ ცხოვრება გააგრძელა დედინაცვალის სახლში – მოსკოვში, „ბოლშოი კარეტნი“ შესახვევის N15-ში, რომელსაც მომავალში ხშირად იგონებდა თავის სიმღერებსა და ლექსებში.
ვალოდია კარგად სწავლობდა, სკოლა ხუთიანებზე და ოთხიანებზე დაამთავრა, თუმცა ყოველთვის ჰქონდა პრობლემები დისციპლინასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პირველად ღვინო 13 წლის ასაკში გასინჯა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ვისოცკიმ მამის რჩევით ჩააბარა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში, სადაც მხოლოდ ერთი სემესტრი ისწავლა. როდესაც მიხვდა, რომ რთული ნახაზების კეთება მისი საქმე არ იყო, გამზადებულ ნამუშევარს, რომელზეც არაერთი ღამე გაათენა, ყავა გადაასხა და გამოაცხადა: „მორჩა, მსახიობი უნდა გავხდე!“
ვისოცკიმ პირველივე ცდით ჩააბარა მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის (МХАТ) სკოლა-სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო პუშკინის სახელობის თეატრში. სამწუხაროდ, მას მხოლოდ მეორეხარისხოვან როლებს სთავაზობდნენ და სწორედ მაშინ დაიწყო მისი გაუცხოება. ის აცდენდა რეპეტიციებს და გენიალური ფაინა რანევსკაიას შუამდგომლობა რომ არა, თეატრიდან გარიცხავდნენ. სწორედ ფაინა რანევსკაია იყო იმ დროს ერთადერთი, ვისაც სჯეროდა ვალოდიასი და მასში უნიჭიერეს ადამიანს და დიდ მსახიობს ხედავდა.
შემდეგი დიდი შემოქმედი, რომელმაც ვისოცკი ამოიცნო, იყო მოსკოვის თეატრის „ნა ტაგანკე“ სამხატვრო ხელმძღვანელი, სახელგანთქმული რეჟისორი და არაჩვეულებრივი ადამიანი იური ლიუბიმოვი. როგორც ის იგონებს, 1964 წელს, როდესაც ვალოდია მასთან სინჯებზე მივიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ახალგაზრდა მსახიობს სულ 5 წუთს დაუთმობდა და მოისმენდა მის ერთ სიმღერას, მაგრამ… მათი პირველივე შეხვედრა საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა… „უბრალოდ, მის სიმღერებს ვერ მოვწყდი“, — თქვა მერე ლიუბიმოვმა.
მან მიიღო ვისოცკი თეატრში და სწორედ ამ დღიდან დაიწყო ვლადიმერ ვისოცკის წარმატებები. მასზე ალაპარაკდა მთელი შემოქმედებითი მოსკოვი. ის განსაკუთრებით ძლიერი იყო სპექტაკლში „პუგაჩოვი“, რომელშიც „ხლოპუშას“ როლს ასრულებდა. სხვათა შორის, სწორედ ამ სპექტაკლში ნახა ის პირველად მოსკოვში ჩასულმა მარინა ვლადიმ. 1971 წელს კი ვისოცკიმ ითამაშა ჰამლეტის როლი… მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს სპექტაკლი ნანახი მაქვს, თუმცა ვერც კი აგიწერთ, მართლა სიტყვები არ მყოფნის. ერთს ვიტყვი მხოლოდ, არ მეგონა, რომ ინოკენტი სმოკტუნოვსკის ჰამლეტის შემდეგ სხვასაც აღვიქვამდი. ეს სულ სხვა იყო, მაგრამ განუმეორებელი…
ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, რომ ის ერთდროულად პირველ და ბოლო სპექტაკლს თამაშობდა, რადგან შეუძლებელია ამ ფიზიკური და სულიერი დატვირთვის შემდეგ დაგრჩეს ძალა, კიდევ ერთხელ გადაიტანო ეს ყველაფერი.
ვისოცკი, როგორც ბარდი, სცენაზე პირველად 1959 წელს გამოვიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბში, მაგრამ ყველა მომზადებული სიმღერის შესრულების უფლება არ მისცეს, რადგან დარბაზში აღმოჩნდა პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი პოსპელოვი, რომელმაც გასცა განკარგულება, გაეჩუმებინათ ეს „მომღერალი ხრინწიანი ხმით“.
ჩვენი ბულატ ოკუჯავა, რომლის ხათრითაც დაიწყო ვისოცკიმ საკუთარი ლექსების ამღერება და ყოველთვის იმეორებდა ამას, ვალოდიას იხსენებდა როგორც საოცრად ინტელიგენტ, კეთილ და ხელგაშლილ ადამიანს…
ცალკე თემაა ვისოცკი და კინემატოგრაფი. განუმეორებელია მისი როლები ფილმებში „ვერტიკალი“, „ინტერვენცია“, „მსახურობდა ორი ამხანაგი“ (ამ ფილმში თეთრ ცხენთან გადაღებული სცენა, ჩემი ზრით, მსოფლიო კინოკლასიკაში უნდა შევიდეს), „ცუდი კარგი ადამიანი“, „შეხვედრის ადგილი უცვლელია“, „პატარა ტრაგედიები“ და სხვა.
ახლა კი, ალბათ, ამას დიდი ხანია მოელით, რადგან კარგად გამიცანით უკვე, ვისოცკის და მარინა ვლადის სიყვარულის ისტორიის ჯერი დადგა… დღეს მას მხოლოდ ორი სიტყვით შევეხები, რადგან ყველამ ყველაფერი ისედაც იცის, თანაც უკვე დაწერილი მაქვს ამ თემაზე წერილიც და ლექსებიც და ალბათ კიდევ ბევრს დავწერ. ეს ცალკე თემაა და ამაზე გაკვრით საუბარი მიჭირს.

ერთი ახალი ლექსიც კი მაქვს დაწყებული:
შენ მარინა ვლადი ხარ,
ჩემი დიდი ყაყაჩო…
შენ შველებთან დადიხარ,
მე კი აქ მგლებს ვდარაჯობ…
ვლადიმერ ვისოცკი სცენაზე ბოლოს 1980 წლის 3 ივლისს გამოვიდა და კონცერტი დაასრულა სიმღერით „მე არ მიყვარს“…
მეც არ მიყვარს ასეთი ადამიანები ასე უსამართლოდ ადრე რომ მიდიან…
მაგრამ ძალიან მიყვარს, რომ ისინი იყვნენ, გულის კედლამდე ცვდებოდნენ, იხარჯებოდნენ, უყვარდათ და ანათებდნენ იმისთვის, რათა ჩვენი ცხოვრება უფრო ლამაზი ყოფილიყო…
გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და იმედიან დღეს!
ლელა ანჯაფარიძე