თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და უბრალოდ მოქალაქეები განაგრძობენ მისვლას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან, თავისუფალის სიტყვის დაცვის მიზნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ხუთშაბათს საღამოს მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისათვის დაბრუნების შესახებ.
„ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ აღიარა, რომ მათთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ფაქტიურად თავდაყირა დააყენა ბევრი საქმე და დარწმუნებული ვარ ხვად ბევრი ასეთი ადამიანი მიმართავს უზენაეს სასამართლოს და მათ დიდი პრობლემები ექნებათ. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება აქ მოსულებს ცდილობს მიაწებოს იარლიყი, რომ ისინი ერთი პარტიის ინტერესებს იცავენ. ეს ასე არ არის — ისინი განსხვავებულ აზრს იცავენ“, — თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — სქართველოს“ თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.
საპროტესტო აქციაზე მივიდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე. „პრობლემა იმაშია, რომ სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ხელისუფლებამ საბედისწერო თუ არა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა მედია პლურალიზმს… დღეს ყველა ნიშანია იმისა, რომ მმართველი გუნდი ურს ამბობს დემოკრატიაზე და სამწუხაროდ ამისათვის სასამართლოს იყენებს“, — თქვა ქორიძემ.
ტელეკომპანიის მხარდასაჭერად „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილიც მივიდა. „ მე ველოდი ასეთ შედეგს, ხელისუფლება სულ ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს მასთან სამართლებრივ ენაზე სასაუბროდ, აზრს კარგავს პარლამენტი, აზრს კარგავს მთავრობა. სასამართლო და უკვე მედია, რაც ნიშნავს ჩემი როგორც მოქალაქის თავისუფლების შეზღუდვას“, — თქვა ირინა სარიშვილმა.
„რუსთავი 2-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა არ შეეგუება დამარცხებას და ბოლომდე იბრძოლებს, განაცხადა „რუსთავი 2“-ს დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა. „რუსთავი 2“ შესაძლებლობების პიკზეა, ჩვენ თითქმის ამოვწურეთ ბრძოლის მეთოდები. ეხლა გადამწყვეტი სიტყვა ხალხს ეკუთვნის. მაგრამ გეგმა გვაქვს. ჩვენ ფიზიკურად დავიცავთ ტელეკომპანიას. ეს ხალხი ჩვენსა და ხალვაშს შორის დგას. საპროტესტო ტალღას დაიწყებენ ოპოზიციური პარტიებიც“, — თქვა უდუმაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ როცა ხალვაში თავის უფლებამოსილებებს აიღებს, იგი არ დარჩება სამუშაოდ.
„მე ვმუშაობდი ხალვაშის დროს და მახსოვს მისი მმართველობა. ხალვაშის მმართველობის დროს, „რუსთავი 2“ —მა რეიტინგი დაკარგა, ჩვენ გვაიძულებდნენ გვეკეთებინა ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია და მე არ მინდა დავბრუნდე იმ პერიოდში“, — თქვა მან.
„რუსთავი 2“- ს სასამართლო საქმე უკვე 2 წელია მიმდინარეობს. 2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ს ხალვაშისათვის გადაცემის შესახებ, ხოლო 2016 წლის ივლისში სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.