2 მარტი — Sputnik. ბელარუსის ხელისუფლება დაინტერესებულია საქართველოს გამოცდილებით ტურიზმის განვითარების სფეროში, ვიდეოხიდი თბილისი-მინსკის დროს განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული მართვის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის გამგემ სერგეი კიზიმამ.
ვიდეოხიდი თბილისი-მინსკი თემაზე „ქართულ-ბელარუსული პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მინსკში ვიზიტს მიეძღვნა, თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ხუთშაბათს გაიმართა. ქართული მხრიდან დისკუსიაში პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ვახტანგ მაისაია მონაწილეობდა.
ექსპერტებმა ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება.
„საქართველოს გამოცდილება ტურიზმის განვითარების კუთხით ძალიან გვაინტერესებს. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ საქართველოს ვერ შევედრებით. ჩვენ არ გვაქვს არც ალერსიანი ზღვა, არც ქვიშიანი და კლდოვანი სანაპირო. წელიწადში ექვსი მილიონი ტურისტი — ეს ძალიან სოლიდურია, სამ წელში ტურიზმის გასამმაგება — კარგი მაჩვენებელია. თებერვალში ბელარუსი 80 ქვეყნის მოქალაქეებისათის ხუთდღიანი ვიზიტებისათვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, აქ საქართველოს გამოცდილება გვაინტერესებს“, — განაცხადა კიზიმამ.
მისი თქმით, ორივე ქვეყანას თავისი პლიუსები და მინუსები გააჩნია.
„ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ როგორც მეგობრულმა ქვეყნებმა, უნდა განავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა ისე, რომ ამის შედეგად თითოეულ მხარეს ნაკლები მინუსი და მეტი პლიუსი ჰქონდეს“, — აღნიშნა ბელარუსის ექსპერტმა.
თავის მხრივ, პროფესორმა მაისაიამ აღნიშნა ქართული მხარის ინტერესი ბელარუსის გამოცდილების მიმართ მანქანათმშენებლობის, ვაჭრობის და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.
„საქართველო განსაკუთრებით დაინტერესებულია ბელარუსის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით, საქართველოში ძალიან პოპულარულია ბელარუსში წარმოებული ტრაქტორები. ჩვენი მხრიდან გაგვაჩნია გეგმები სავაჭრო ურთიერთობების ზრდის კუთხით სოფლის მეურნეობის კონტექსტში — იგივე ციტრუსის, ღვინის, კონიაკის ნაწარმის“, — განაცხადა მაისაიამ.
მარგველაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი 1 მარტს დაიწყო. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის ფორმატში მოლაპარაკებები გამართეს, შემდეგ კი — გაფართოებული შემადგენლობით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებებს საჰაერო მიმოსვლისა და ინვესტიციების განხორციელებისა და ურთიერთდაცვის ხელშეწყობის შესახებ. პრეზიდენტებმა ასევე მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბელარუსი და საქართველო მეგობრული ურთიერთობების ყოველმხრივ გამტკიცებისკენ მიმართულ ინტენსიურ სახელმწიფოთაშორისი დიალოგის გაგრძელებას აპირებენ.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბელარუსში 2 მარტს დასრულდება.
საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს. 2016 წლის შედეგების მიხედვით ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა 63%-ით გაიზარდა და 73,2 მილიონი დოლარი შეადგინა — უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ეს რეკორდული მაჩვენებელია.
ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. საქართველოს საელჩო ბელარუსში 2007 წელს გაიხსნა, ხოლო ბელარუსის დიპლომატიურმა მისიამ ფუნქციონირება საქართველოში გასულ წელს დაიწყო.