რატომ ირჩევენ ბელორუსი ტურისტები დასასვენებლად საქართველოს? ამის შესახებ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში ბელარუსის ელჩმა ისაუბრა.
საქართველოში ბელარუსის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა მიხაილ მიატლიკოვმა აღნიშნა, რომ უკვე 34 ათასზე მეტი ბელორუსი ეწვია საქართველოს კურორტებს 2016 წელს. მოცემული ტენდენციიდან გამომდინარე, მომავალი წლიდან ეს რიცხვი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.
"საქართველო — ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია დასვენებისთვის ბელორუს ტურისტებს შორის. თუ წინა წლებში ეს საზაფხულო ტურიზმი იყო — ზღვაზე დასვენება, ბოლო ორ-სამ წელიწადში დიდი ინტერესი გაჩნდა ზამთრის ტურიზმის მიმართ. ხანდახან, როდესაც თვითმფრინავს ვხვდები, ვხედავ, როგორ გადმოდიან იქიდან თხილამურებით აღჭურვილი ადამიანები, რომლებიც გუდაურსა და ბაკურიანში მიდიან. ვფიქრობ, ტურისტების რაოდენობა ამ მიმართულებით თანდათან მოიმატებს", — განაცხადა ბელარუსის ელჩმა.
დიპლომატის თქმით, ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოსული ბელორუსი ტურისტების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.
"და ეს ზღვარი არ არის! ტურიზმის განვითარებას პირდაპირი ავიამიმოსვლაც უწყობს ხელს. სულ რაღაც 2 საათსა და 45 წუთში უკვე ზამთრის კურორტზე ხარ", — აღნიშნა მიხაილ მიატლიკოვმა.
მისი თქმით, დიდ ინტერესს იწვევს ქართული სამზარეულო, ნაციონალური კერძები.
"ბელორუსი ტურისტებისთვის კიდევ ერთ მიმართულებად ყალიბდება გასტრონომიული ტურიზმი ღვინის მარნების მონახულებით", — დაამატა ბელარუსის ელჩმა.