თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო საბავშვო მუსიკალური კონკურსის Ты супер! პრემიერა რუსეთის ტელეარხ НТВ-ზე 11 თებერვალს შედგა და იმ დღიდან ყოველ შაბათს ტელემაყურებლები ახალგაზრდა ვოკალისტების ბედს აკვირდებიან. პროექტის პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი.
ამ კონკურსის უნიკალურობა იმაშია, რომ მისი მონაწილეები ნიჭიერი მზრუნველობამოკლებული ბავშვები არიან — ბავშვთა სახლების, სკოლა-ინტერნატების, მიმღები ოჯახების აღსაზრდელები. მოსკოვში ჩამოვიდა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.
„რეალიტი–პროექტებით დიდი ხანია დაკავებული ვარ. ჩემ პრაქტიკაში ბევრი სხვადასხვა პროექტი ყოფილა და დარწმუნებული ვიყავი, რომ აღარაფერი გამაკვირვებდა. მაგრამ პროექტი Ты супер! ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. ბევრს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ პროექტის მონაწილეები ცხოვრებაში ძალიან სუსტი იქნებოდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ისინი კონტაქტური, საინტერესო, აქტიურები არიან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსგავსი გამოცდილება ჩვენ ტელევიზიაში ჯერ არ ყოფილა. პროექტის უნიკალურობა იმაშია, რომ ბავშვები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, ეს კი ენობრივ ბარიერს ქმნის. მაგრამ ბავშვები ამ პრობლემას ადვილად უმკლავდებიან. ის, რაც მოზრდილთათვის რთული გადასალახი ხდება, ბავშვებისთვის თამაშის ელემენტად იქცევა“, — აღნიშნა პროექტის Ты супер! ფსიქოლოგმა ნადეჟდა უფელმანმა.
როდესაც ის სანატორიუმში მივიდა, სადაც კონკურსის მონაწილეები გამოსვლებისთვის ემზადებიან, ის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და საერთო მხარდაჭერის ატმოსფეროში აღმოჩნდა.
„აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შორის არანაირი ნაციონალური შუღლი არ არის, ბავშვები პოლიტიკისა და კონფლიქტების მიღმა არიან. მათ სამყაროს საკუთარი აღქმა აქვთ — ერთმანეთს თავიანთ ენაზე ესაუბრებიან, თამაშობენ, უფრო მეტიც, ერთმანეთი უყვარდებათ და ერთმანეთის მშვენივრად ესმით“.
ფსიქოლოგის თქმით, ის, რომ პროექტში სხვადასხვა ასაკის ბავშვები მონაწილეობენ, მათ უფრო მეტად აახლოებს.
„ეს საოცარია. ჩვენი მონაწილეების ურთიერთობები ისეთივეა, როგორც დიდ ოჯახში, სადაც უფროსები უმცროსებისთვის მასწავლებლები, აღმზრდელები, ზოგჯერ დამცველებიც ხდებიან, უმცროსები გრძნობენ მხარდაჭერას, ზრუნვასა და ყურადღებას. ბავშვებს ნამდვილი ოჯახის შეგრძნება აქვთ“, — აღნიშნა უფელმანმა.
მან დაამატა, რომ პროექტის განმავლობაში ბევრ მონაწილეს ფსიქოკორექციული და სამოტივაციო მუშაობა ესაჭიროება.
„გამოსვლის წინ უნდა განეწყონ და საკუთარი ნიჭი მაქსიმალურად წარმატებულად წარმოაჩინონ. ამიტომ ბავშვის შემოქმედებითი პოტენციალის წარმოსაჩენად თითოეულთან ინდივიდუალური მიდგომა უნდა მოიძებნოს. ფსიქოლოგისა და ყველა პედაგოგის ამოცანაა, ბავშვებს ასწავლოს, პასუხი გასცენ მნიშვნელოვან კითხვებზე: საით მივისწრაფვი, რისი მიღწევა მსურს, რა არის ჩემთვის პრიორიტეტი, როგორ გადავლახო დამარცხება და გავაგრძელო წინსვლა“, — განმარტა უფელმანმა.
„ყველა ბავშვი ძალიან განსხვავებულია. კონტაქტზე სხვადასხვანაირად გამოდის. ზოგს სანდო ურთიერთობების დასამყარებლად უფრო მეტი დრო უნდა დავუთმო. ზოგი კი ძალიან მალე იხსნება. ბევრი ბავშვი ინტუიციურად შენ შემოწმებას იწყებს და მისი კარგი განწყობის მოპოვება ძალიან რთულია“, — აღნიშნა ფსიქოლოგმა.
ცალკე თემაა პროექტში კონკურენციის თემა. ცნობილია, რომ მოზრდილი ადამიანი კონკურენციის საკითხებს ძალიან მტკივნეულად აღიქვამს.
„საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ ბავშვებიც ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ. მაგრამ ეს ასე არ არის: ჩვენი კონკურსანტები ამ საკითხს სხვანაირად უდგებიან, მათ გულწრფელად უხარიათ, როდესაც ვინმე შემდეგ ტურში გადადის. და ისევე გულწრფელად დარდობენ, როდესაც ჟიური ამბობს „არას“. ეს არაერთხელ მომხდარა, როდესაც რომელიმე ბავშვი პროექტს ტოვებს. ბავშვები ერთმანეთს ეხუტებოდნენ და თანაუგრძნობდნენ. ერთმანეთთან განშორება უჭირდათ, ხშირად ცრემლების მიზეზი ხდებოდა ის, რომ ძალიან ახლო მეგობრებთან განშორება უწევდათ. ერთმანეთს ასე მიმართავდნენ: „შენ ჩემი ძმა ხარ, შენ ჩემი და ხარ, შენ ჩემი ოჯახის წევრი ხარ…“ ეს საოცრად გულისამაჩუყებელი იყო“, — აღნიშნა უფელმანმა.
პროექტის გაგრძელებას აჩვენებენ შაბათს, 25 თებერვალს თბილისის დროით 21:00 საათზე НТВ-ს არხზე და Sputnik-ის პორტალზე პირდაპირი ტრანსლაციის ყოველკვირეულ რეჟიმში დსთ-ის ქვეყნებში, ბალტიის ქვეყნებში და საქართველოში. საქართველოს კონკურსზე წარმოადგენს 12 წლის ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან. მისი კანდიდატურა წინასწარ კასტინგზე შეარჩიეს.