ნანა ვარძელაშვილის პედაგოგი: გვჯერა, რომ ნანა წარმატებას მიაღწევს პროექტში

გამოწერა
ნანა ვარძელაშვილის მშობლიურ ქარელში სჯერათ, რომ გოგონა НТВ-ს პროექტში Ты супер! წარმატებით გამოვა.

ნანა ვარძელაშვილის მშობლიურ ქარელში სჯერათ და იმედი აქვთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი წარმატებას მიაღწევს რუსული ტელეარხი НТВ-ს პროექტში Ты супер!

ნანას ყველა ქომაგობს ქარელში — პედაგოგებიც, თანაკლასელებიცა და თანაქალაქელებიც, უთხრა „Sputnik-საქართველოს“ ქარელის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის რექტორის მოადგილემ ნანა კობახიძემ.

„ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ, რომ ჩვენი მოსწავლე საერთაშორისო ვოკალურ კონკურსში მონაწილეობს. ნანას აქ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. პირველ რიგში, ჩვენი გიმნაზიის დამფუძნებელი, მიტროპოლიტი გიორგი, გიმნაზიის რექტორი, პედაგოგები, კლასელები და სკოლელები, კიდევ მეგობრები, თანაქალაქელები და მეზობლები. იმედი გვაქვს, რომ ნანა გონივრულად გამოიყენებს ამ ღვთის საჩუქარს — ამ საოცარ შანსს. გვჯერა, რომ მოსკოვში გატარებული ყოველი დღე ახალი ნაბიჯი იქნება წარმატებისკენ. ნანა საოცრად კარგი გოგოა, ჭკვიანი და მუსიკალური. გვჯერა, რომ აუცილებლად მიაღწევს წარმატებას“, — აღნიშნა ნანა კობახიძემ.

პროექტი Ты супер! — ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტია, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ნიჭიერ ბავშვებს თავის წარმოჩენისა და დიდ სცენაზე დამკვიდრების შანსს აძლევს. კონკურსში რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ესტონეთის 92 ვოკალისტი მონაწილეობს.

ნანა ვარძელაშვილი წარმოშობით ქარელიდანაა. დედა ექვსი წლის წინ გარდაეცვალა და ახლა მიმღებ ოჯახში იზრდება. ნანას კანდიდატურა პროექტში მონაწილეობის მისაღებად წინასწარი კასტინგების საფუძველზე შეირჩა.

ყველა ახალი ამბავი
0