თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ფარული თვალთვალისა და სატელეფონო საუბრების მიყურადების ახალი სისტემის დანერგვის შესახებ კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.
მეორე მოსმენისთვის კანონპროექტები არსებითად შეიცვალა, მაგრამ ოპოზიცია კვლავ უკმაყოფილოა — პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი ცვლილებების განხილვის დროს დატოვეს.
ოპოზიციამ თავისი გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ქმედებებით დაასაბუთა, რომელმაც მათ კითხვების დასმის უფლება შეუზღუდა. კობახიძის განმარტებით, ოპოზიცია არსებით კითხვებს არ სვამს — პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ცვლილებების განხილვის პროცესს ხელს უშლის.
საპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებული ცვლილებები დემოკრატიის და საქართველოს კონსტიტუციის ნორმებს ეწინააღმდეგება და წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მცდელობას, საკომუნიკაციო კომპანიებზე სრული კონტროლი დაამყარონ.
ცვლილებები 17 კანონში შევა, მათ შორის — „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, სისხლის საპროცესო კოდექსი და სხვები. გარდა ამისა, პარლამენტი ერთი ახალი კანონის მიღებას გეგმავს — „ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტოს შესახებ“.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ ცვლილებათა თავდაპირველი ვარიანტის შეცვლა გადაწყვიტა და ამით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაითვალისწინა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ქვეყნის მოქალაქეების და მათი კომუნიკაციის თვალთვალს უკრძალავს.
კანონპროექტები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დამოუკიდებლობის გარანტიებით ახალი სტრუქტურის — ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებენ. სუს–ს სააგენტოს საქმიანობაში ჩარევის უფლება არ ექნება, მათ შორის, მისი ხელმძღვანელის დანიშვნისას და ახალი სტრუქტურის დებულების შედგენისას.
სააგენტოს თანამშრომლებმა არ უნდა ითანამშრომლონ სუს–თან, შსს–თან ან სხვა საგამოძიებო ორგანოებთან.
ეს სტრუქტურა სატელეფონო საუბრების მოსმენასთან ერთად ფოსტისა და ტელეგრაფის მეშვეობით თვალს მიადევნებს ინტერნეტ–კომუნიკაციებს, კავშირგაბმულობას და ამასთანავე დაადგენს კავშირში მყოფი აბონენტების ადგილმდებარეობას.
ოპერატიულ–ტექნიკურ სააგენტოს ექნება უფლება განახორციელოს პირდაპირი ფარული თვალთვალი, ფარული აუდიო- და ვიდეოჩაწერა, ფოტოგადაღება; სახელმწიფო სტრუქტურების საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ფარული თვალთვალი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურორის მოთხოვნით ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განხორციელდება.
კანონპროექტთა პაკეტის ბოლო ვარიანტის თანახმად, ახალი სააგენტო არამარტო მთავრობის, არამედ საქართველოს პარლამენტის წინაშეც იქნება ანგარიშვალდებული. სააგენტოს ხელმძღვანელობას სპეციალური კომისია დანიშნავს, პრემიერ–მინისტრი კი დაამტკიცებს.
პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის პროცესზე სრულ წვდომას მიიღებს.
გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ ისეთი მსხვილი საკომუნიკაციო კომპანიების უკმაყოფილება გაითვალისწინა, როგორებიცაა Magti, Geocell-ი და Beeline. ამგვარად, ოპერატიულ–ტექნიკურ სააგენტოს არ ექნება უფლება დააკისროს ამ კომპანიებს სპეციალური აპარატურის მონტაჟი და ამ აპარატურის მოვლა–პატრონობა. ეს სააგენტოს მოვალეობა იქნება.
საკომუნიკაციო კომპანიები ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტოს შემოწმების გასაჩივრებას შეძლებენ, მათი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ სააგენტო არასწორად მოიქცა, სახელმწიფო კომპანიას კომპენსაციას გადაუხდის.
სააგენტოს ასევე არ ექნება საკომუნიკაციო კომპანიების დაჯარიმების უფლება. ამისათვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმართვა იქნება საჭირო.
მეორე მოსმენისთვის ცვლილებებში გაჩნდა თვალთვალის შედეგების შენახვის ვადის სამ თვემდე შესაძლო გაგრძელებაზე შეზღუდვა.