რატომ არის რისკის ქვეშ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

გამოწერა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა საკმაოდ ფართო ჯგუფს შეუძლია მისთვის საინტერესო ადამიანების საუბრებს საკუთარი კაბინეტებიდან გაუსვლელად და სასამართლოში შეუსვლელად მოუსმინოს, ირწმუნება ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურების თავისუფალმა წვდომამ სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებზე რისკის ქვეშ დააყენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. 

პარტია “თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას თქმით, Human Rights Watch-ს კვალიფიციურად აქვს შესწავლილი როგორც კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც საქართველოში ხორციელდება ფარული მოსმენა, ასევე  მისი გამოყენების პრაქტიკა და აქედან გამომდინარე არის მითითებული იმ რისკებზე, რომლებიც ქვეყანაში ამ მხრივ შეიძლება არსებობს. 

ეს შენ გეხება - Sputnik საქართველო
რა უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობაზე ფარული თვალთვალისას

„იმისთვის რომ უშიშროების სამსახურმა განახორციელოს მოქალაქეების სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა, მას სასამართლოს სანქცია სჭირდება, ამავე დროს თანამედროვე კომუნიკაციის პირობებში მას აქვს პირდაპირი წვდომა მობილური სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე. ამიტომ ვთვლი, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოს კონსტიტუციით მხოლოდ ფორმალურად არის დაცული“- აღნიშნა კახა კუკავამ. 

მისივე თქმით, სწორედ ამიტომაც მიმდინარეობდა შარშან და შარშანწინ აქტიური დისკუსია იმის თაობაზე, თუ ვის უნდა ჰქონოდა ამ  სერვერებზე წვდომის უფლება.

„მობილური კომპანიების სერვერებზე წვდომის უფლება  უნდა ჰქონდეს  დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც გადაამოწმებს აქვს თუ არა უშიშროებას სასამართლოს სანქცია ამა თუ იმ პიროვნების ფარულად  მოსასმენად“ — განაცხადა კახა კუკავამ. 

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
საქართველოში მობილური კავშირის აბონენტთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2016 წლის აპრილში, არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლება, ფარულად მოესმინა მოქალაქეთა მობილური და ინტერნეტ კომუნიკაციებისთვის. სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც სუს-ს უფლებას აძლევს, შეინახოს მოპოვებული ინფორმაცია და კანონში ცვლილებების შესატანად პარლამენტს 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა ვადა. 

კახა კუკავას თქმით, პირადი ცხოვრების საიდუმლოება არ არის დაკავშირებული მხოლოდ მობილურ კომპანიებთან. საუბარია ადამიანების, მათ შორის  საჯარო პირების სექსუალური ცხოვრების საიდუმლოების დარღვევაზეც.  

„მე ნაკლებად მაშფოთებს, როცა უსმენენ ჩემს საუბრებს პოლიტიკოსებთან და რაღაც გარკვეულ ლოგიკასაც ვხედავ ამაში, რადგან სახელმწიფოს შეიძლება პოლიტიკოსის საჯარო ცხოვრება აინტერესებდეს, მაგრამ მისი სექსუალური ცხოვრების თვალთვალი არ უნდა ხდებოდეს“, — აღნიშნა კუკავამ.

მარტის დასაწყისში საქართველოში YouTube-ზე ატვირთული ვიდეოჩანაწერების გამო, რომელშიც თითქოსდა ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ, სკანდალი აგორდა. ერთ-ერთ ვიდეოზე კონკრეტული პოლიტიკოსის ვინაობა იყო დასახელებული. მეორე ჩანაწერზე ვიდეოს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა დაიმუქრა, რომ კიდევ გამოაქვეყნებს რამდენიმე ვიდეოს მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით. მარტის ბოლოს კიდევ ერთი მსგავსი ტიპის ვიდეო გამოქვეყნდა. 

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დამნაშავეები  უკვე გამოავლინა. მატ შორის იყვნენ  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) დირექტორის მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, კუდის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი, კუდის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს ყოფილი დირექტორი რომან ზაალიშვილი.

ნატა პატარაია 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0