თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. 2015 წლის ბოლოს საქართველოში მობილური კავშირის აბონენტთა რაოდენობამ 5,6 მლნ-ს მიაღწია, აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.
2015 წლის მეოთხე კვარტალში აბონენტთა რიცხვი, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,8%-ით (149 ათასი აბონენტი) გაიზარდა.
საქართველოს მობილური კავშირის ბაზარზე 2015 წელს ოპერირებდა ოთხი კომპანია — შპს „მაგთი“, შპს „ჯეოსელი“, შპს „მობიტელი“ (სავაჭრო ნიშანი „ბილაინი“) და სს „სილქნეტი“.
შემოსავლების მოცულობითა და აბონენტთა რაოდენობით ბაზრის ლიდერი „მაგთი“ იყო.
კომპანიების წილი ბოლო კვარტალში ამგვარად განაწილდა::მაგთი“ – 37,6%, „ჯეოსელი“ – 36,3%, „მობიტელი“ – 25,6%, „სილქნეტი“ – 0,5%. ამ უკანასკნელმა მობილური კავშირის ბაზარზე ოპერირება 2011 წლის დეკემბერში დაიწყო.
მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 2015 წელს დღგ-ისა და აქციზის გარეშე 401 მლნ ლარი შეადგინა. ეს 2014 წლის მონაცემზე 11,8%-ით ნაკლებია.
შემოსავლის ძირითადი წილი ხმოვან მომსახურებაზე მოდის — 62,4%. SMS-მა კომპანიებს მთლიანი შემოსავლიდან 5,8% მოუტანა, ხოლო ინტერნეტმა — 6,9%, ხოლო სხვა დამატებითმა მომსახურებამ — 24,9%.
2015 წლის ბოლოსთვის ყოველთვიური შემოსავალი ერთი აბონენტის მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისგან 0,85 ლარით შემცირდა და 5,97 ლარი შეადგინა.