თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობას აქვს განცდა, რომ სამართალდამცველი ორგანოები უკანონოდ უსმენენ.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ერთ-ერთი ინიციატორია სოციალური კამპანიის „ეს შენ გეხება“, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვისკენ არის მიმართული. ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევა საქართველოში 2013 წლიდან ფარული მოსმენების რეგულირების შესახებ შემაჯამებელ ანგარიშს წარმოადგენს.
„საზოგადოებრივი აზრი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა და საზოგადოებაში კვლავ არსებობს იმის განცდა, რომ სამართალდამცველი ორგანოები არაკანონიერად იყენებენ ფარული მიყურადების ტექნიკურ საშუალებებს“, — აღნიშნულია კვლევაში.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკანონო ფარულის ჩანაწერების გამოქვეყნების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა, რაც, კვლევის თანახმად, იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებას სურვილი არა აქვს, ამ მიმართულებით თავისი უფლებამოსილება შეზღუდოს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო და მას უფლება აქვს, ჩაატაროს ფუნდამენტური რეფორმა მიყურადების წესებში, რომელიც ძალოვან უწყებებზე ეფექტური კონტროლის შექმნისა და საკუთარი ძალაუფლების გარკვეული შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია, ნათქვამია კვლევაში.
თუ ხელისუფლება ამ მიმართულებით მტკიცე ნაბიჯებს არ გადადგამს, საზოგადოებაში გამტკიცდება აზრი, რომ ხელისუფლებას ცვლილებების განსახორციელებლად საკმარისი პოლიტიკური ნება არ გააჩნია, აღნიშნულია დოკუმენტში.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს დაცვის აუცილებლობა აქტუალური საქართველოში მას შემდეგ გახდა, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ფარული მიყურადების ათასობით უკანონო ჩანაწერი გამოავლინეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის აპრილში არაკონსტიტუციურად სცნო ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფლება, ფარულად მიადევნოს თვალი მოქალაქეების მობილურ და ინტერნეტ-კომუნიკაციებს რეალურ დროში და გადაიღოს ასლები.
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობდა იმით, რომ სუს-ს კომუნიკაციის შეუზღუდავი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობა აქვს, ხოლო პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორს კონტროლის ეფექტური საშუალებები არ გააჩნია.
სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად აღიარა ნორმა, რომელიც სუს-ს ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობას აძლევს, რადგან ეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის რისკს ზრდის.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტს კანონების შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
ამჟამად კანონი სუს-ს უფლებას აძლევს, აწარმოოს მიყურადება სასამართლოს გადაწყვეტილების ან პროკურატურის მიმართვის საფუძველზე. ამ პროცესს აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს კამპანიის „ეს შენ გეხება“ აქტივისტებმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა.